საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ოზურგეთის ა. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის 154-ე სეზონის გახსნას და რეჟისორ გოჩა კაპანაძის მიერ დადგმული სპექტაკლის „გურიის დედოფალი“ პრემიერას დაესწრო.
სპექტაკლი გურიის სამთავროს უკანასკნელი დედოფლის, სოფიო წულუკიძე-გურიელის ცხოვრებისა და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს.
როგორც კულტურის მინისტრმა განაცხადა, სამინისტრო ხელს შეუწყობს ყველა იმ რეჟისორს, რომელიც თბილისში საქმიანობს, მაგრამ გადაწყვეტს, რომ გავიდეს რეგიონში და იქ დადგას სპექტაკლი. ამგვარი ხელშეწყობის ფარგლებში, რეჟისორი თბილისიდან, ნიკოლოზ საბაშვილი მიმდინარე წლის დეკემბერში ახალ სპექტაკლს ოზურგეთის თეატრში დადგამს.
საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით რეაბილიტირებულ შენობაში ოზურგეთის თეატრმა სეზონი უკვე მეორედ გახსნა. ქართული კულტურის ერთ-ერთ უძველეს კერას, ოზურგეთის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრს შენობის პრობლემა მრავალი ათეული წლის განმავლობაში ჰქონდა, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ გადაჭრა. 2016-2020 წლებში თეატრის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რისთვისაც ფონდმა 20 მლნ ლარზე მეტი გამოყო. რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად გარემონტდა თეატრის დიდი და მცირე სცენა, სარეპეტიციო ოთახები, გაკეთდა ახალი საგრიმიოროები, რადიო თეატრი, მოეწყო სამუზეუმო სივრცე და სხვა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თეატრი აღჭურვილია უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით; თეატრი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. თეატრი აქტიურად თანამშრომლობს როგორც დედაქალაქის ისე რეგიონების თეატრებთან, უთმობს სივრცეს სხვადასხვა დასს, რისი მაგალითიც სწორედ ზემოხსენებული პრემიერაა.