თეატრალური საზოგადოება განცხადებას ავრცელებს.
“ა(ა)იპ შემოქმედებითი კავშირი -საქართველოს თეატრალური საზოგადოება წარმოადგენს, 1881 წელს, ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების- აკაკი წერეთლის, ივანე მაჩაბლის, იაკობ გოგებაშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის, ნიკო ნიკოლაძისა და სხვა საზოგადო მოღვაწეთა მიერ დაფუძნებული, “დრამატული საზოგადოების” მემკვიდრეს.
წესდება, რომლითაც დღეს ჩვენი კავშირი ფუნქციონირებს, ეფუძნება ნიკო ნიკოლაძის მიერ შედგენილ წესდებას, რომლის მთავარი პრინციპია თეატრალური ხელოვნების საშუალებით, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის ზოგადსაკაცობრიო, ჰუმანური ღირებულებების ჩამოყალიბება და განმტკიცება.
ამგვარ ღირებულებათა სისტემაზე დაფუძნებული შემოქმედებითი ველი უპირობოდ გამორიცხავს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს თეატრალური საზოგადოება მიუღებლად მიიჩნევს კანონმდებლობით დაშვებული ძალის გადამეტებას და ძალადობის ფაქტებს, განსაკუთრებით სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, რომელთა უპირველესი მოვალეობაა მოქალაქეების დაცვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა”,_ ნათქვამია განცხადებაში.