ლანჩხუთის საკრებულომ დღეს 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 13 მილიონ 434 ათას 800 ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმას მილიონ 110 ათას 300 ლარით აღემატება.
კენჭისყრის პროცესმა ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა, მანამდე კი სხდომათა დარბაზში ხმაურსა და სიტყვიერ დაპირისპირებას ქონდა ადგილი. ენმ-ის ადგილობრივმა სახემ კახა ასკურავამ სიტყვა საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან დღის წესრიგის წარმოდგენისთანავე ითხოვა.
ასკურავამ მმართველი გუნდი პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა.
“რასაც თქვენ აკეთებთ, არის პოლიტიკური დაკვეთა და სირცხვილია, უბრალოდ, ვადაგასულ საკრებულოს ამტკიცებინებთ მომავალი წლის ბიუჯეტს.”– თქვა კახა ასკურავამ და პროტესტის ნიშნად დარბაზიც დატოვა.
“ეს არის დემაგოგია”– ასე შეაფასა მერმა ალექსანდრე სარიშვილმა ასკურავას მოქმედება და სხდომათა დარბაზში დარჩენილებს ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად თავად გააცნო.
მერის მოხსენების მოსმენის შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვა “ევროპული საქართველოს” წევრმა ამირან გიგინეიშვილმა, თუმცა მანამდე კითხვით მიმართა მმართველ გუნდს.
“კომისიებში განიხილეთ ხომ ბიუჯეტის პროექტი და არც ერთი შენიშვნა არ გამოთქმულა?!”– იკითხა გიგინეიშვილმა და პასუხის მიღებასაც არ დაელოდა, ისე გავიდა დარბაზიდან.
მმართველმა გუნდმა კი, ის, რაც სხდომის დადაწყისში მოხდა, ოპოზიციის მხრიდან დადგმულ თეატრალურ წარმოდგენად შეაფასა.
“სამწუხაროდ, დღევანდელი საკრებულოს სხდომა დაიწყო ჩვენი კოლეგის მიერ დადგმული თეატრალური წარმოდგენით. მინდა მოვუწოდო ჩვენს კოლეგებს არ აყვნენ ამ აბსურდის თეატრს”, _ თქვა “ოცნების” ერთ-ერთმა სახემ ლანჩხუთის საკრებულოში გიორგი ჩახვაძემ.
საბოლოოდ კი კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა მხოლოდ მმართველი გუნდის წევრებმა მიიღეს და მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დაამტკიცეს.
[sexy_author_bio]