იყო დრო როდესაც ანსამბლი “ივერია” ბავშვებისათვის საახალწლო კონცერტებს ხშირად ატარებდა. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებაზე დატრიალდა ის სახალისო ისტორია, რომლის მთავარი მომქმედი გმირი თემურ წიკლაური აღმოჩნდა.
ბატონი ნუგზარ კვაშალი იხსენებს:
“საახალწლო კონცერტები გვქონდა ბავშვებისათვის. ფილარმონია დედებით და პატარებით გადაჭედილია. წარმოდგენის სცენა ასეთი იყო: მე, თემური და ვახო ტატიშვილი ცეკვა-ცეკვით ვასრულებთ ბავშვებისათვის საყვარელ სიმღერას: “ეს საწყალი კურდღელი”.
იმ დღეს დარბაზი არ თბებოდა და ძალიან ციოდა. ამიტომ კულისებში ცოტა ჩავურტყით.
– ეს საწყალი კურდღელი, – დავიწყე ჩვეულებრივად და ველოდები ვახოს, რომელიც ხმას არ იღებს.
– ეს საწყალი კურდღელი! – დავიწყე ისევ. ვახო კვლავ დუმს.
– კურდღელი, კურდღელი ავადაა, – დავადგი ფეხი ვახოს, – ავადაა, კვდება, რეანიმაციაშია.
– მომკალი ახლა დარდით, – წაიღიღინა ტატიშვილმა და გაიქცა კულისებში. რამდენიმე წამში მეც მივყევი.
ამხელა აუდიტორიის წინ საწყალი თემურ წიკლაური მარტო დარჩა. ვიცინით მე და ვახო კულისებში და გვაინტერესებს, როგორ გამოძვრება მდგომარეობიდან წიკლაური. ეს უკანასკნელი არ დაბნეულა.
– ბავშვებო, ხომ იცით საწყალი კურდღელი რომ ავად გაგვიხდა. ამიტომ ვახო და ნუგზარ ჯუჯა-ძიები “ბალნიცაში” წავიდნენ სანახავად. ახლა მეც წავალ და ვნახავ.
შემობრუნდა და სცენიდან გამოსვლა დაიწყო. ამ დროს გაუთვალისწინებელი რამ მოხდა:
– ჩვენც მოვდივართ! – დაიძახეს ბავშვებმა და კურდღლის მოსანახულებლად სცენისაკენ დაიძრნენ.
პატარა მაყურებლებმა სცენის კიბეები კი დალაშქრეს, მაგრამ ვიღაცამ მოასწრო და ფარდა დახურა. ბავშვები წამით დაიბნენ, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მშობლებს ისევ დარბაზში ჩაეყვანათ.”
ავტორი