საქართველოში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 33 ათასს აჭარბებს, რასაც თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ჯანდაცვის სექტორმა, შესაძლოა, ვერ გაუძლოს. მისივე განცხადებით, არსებობს მეოთხე ტალღის დაწყებისა და ეპიდაფეთქების საშიშროება, რომელიც მოსახლეობამ რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით უნდა აღმოფხვრას.
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განმარტებით, ინდური შტამი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ცირკულირებს, რაზეც სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მეტყველებს.
„მდგომარეობა უფრო სერიოზული გახდა. 5 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს უახლოვდება იმ რეკორდულ მაჩვენებელს, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა. თუ ავიღებთ აქტიური შემთხვევების რაოდენობას, 33 ათასია, ცოტა მეტი. ჯერჯერობით, ეს საქართველოსთვის ყველაზე მაღალი ციფრია. მივაღწიეთ იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც ჯანდაცვის სექტორს შეიძლება გაუჭირდეს უკვე ასეთი დიდი ნაკადების შეუფერხებელი მართვა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 423 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 386 998, გარდაიცვალა 5 876 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.