როგორც ჩვენს მკითხველებს შევპირდით, „გურია ნიუსი“ აგრძელებს საკვებ პროდუქტზე ფასების საკითხთან დაკავშირებით მუშაობას და საინტერესო ინფორმაციის მოპოვებას, რომელსაც დროულად და პერმანენტულად მივაწვდით მკითხველებს.
პრემიერის მიერ დაანონსებული ფასების შესწავლის საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ ამ ხმაურიანი კამპანიის მიუხედავად, ფასები მაინც იმატებს. მართალია, ზოგჯერ პროდუქტს აქციით შეიძენ ცოტა უფრო იაფად, თუმცა, ეს მომხმარებლის ჯიბისთვის დიდი შეღავათი არაა.
„რა უნდა მაგის ახსნას? გადააბრუნონ კარტი, რომელიც უკუღმა დევს და არ ჩანს. ისმის განცხადებები, რომ აპრილიდან ფასების რეგულირება მოხდება. მეტი არაა ჩემი მტერი! და თუ ასე იქნება, აპრილის ბოლოს შეგხვდებით… ისე კი, თუ მართლა გატარდა რაიმე ღონისძიება, ალბათ, ივლისიდან დაიწევს ფასი. ვიმეორებ, თუ ასე მოხდა. მანამდე, ფასების ის ნიშნული, რაც არის, გაჩერებული იქნება. ის კი არადა, მარტის ბოლომდე ფასმა შეიძლება, კიდევ აიწიოს“, _ გვეუბნება ერთ-ერთი მარკეტის მენეჯერი ოზურგეთში.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო ბიზნესის ბევრ წარმომადგენელს სურს საუბარი, თუმცა, ვინაობის დასახელების გარეშე. ცხადია, ეს თავშეკავება რეალობიდან გამომდინარეა, მით უფრო, როცა ისინი ყველაზე კარგად იცნობენ შიდა დინებით და საკმაოდ შეფუთულად დღემდე არსებული ამ მძლავრი პრობლემის არსს.
„ქსელური მაღაზიები (ანუ მსხვილი ბიზნესი) თავის საქმეს, თუ მარტივად ვიტყვით, ძალიან მაგრად „უბერავენ“. რატომ? „ბავშვს რა ატირებსო, _ გასდის და იმიტომ ტირისო“ _ აი, ასე მოქმედებენ ქსელურები (მსხვილი ბიზნესი) დისტრიბუტორების დახმარებით და საშუალო ბიზნესი _ ტრადიციული მაღაზიები, რომლებიც ხალხისთვის უფრო ხელსაყრელი და მდგრადი პირობებით მუშაობენ, კუთხეში მიმწყვდევის რეჟიმში ჰყავთ“, _ გვეუბნება ჩოხატაურში მცხოვრები, მცირე ბიზნესში დასაქმებული მოქალაქე:
„ჩამოდით ჩვენთანაც, ადგილზე იკითხეთ ჩვენი გასაჭირი. რაკი ფასნამატის საკითხი დასვეს, თუ ეს გულწრფელი ნაბიჯია მთავრობის მხრიდან, მალე გამოჩნდება. ჩოხატაურში, მარტო ამ პაწაწინა რაიონში, არის „ორი ნაბიჯის“ ორი მარკეტი! „მაგნიტის“ ორი მარკეტი! „დეილის“ ერთი მარკეტი! „ჯიბეს“ ერთი მარკეტი! „გვირილასაც“ მოიძევთ… და კიდევ რამდენი მარკეტია ერთმანეთის მიბაძულობით გახსნილი, ნახავთ. ადრე ჩვენს პატარა ქალაქში 12 ტრადიციული მაღაზია იყო. ახლა ერთია დარჩენილი და ის საცოდავიც სულს ღაფავს. აქ, ადრე, ერთ ტრადიციულ მაღაზიას მიადგა ერთი ქსელის წარმომადგენელი, მომაქირავეო. უარი რომ უთხრა მეპატრონემ, ერთ თვეში ფინანსური პოლიცია დაადგა თავზე და დახურვა აიძულეს, _ უთხრეს „გურია ნიუსს“ ჩოხატაურიდან (ჩვენ მალე ვესტუმრებით ჩოხატაურსა და ლანჩხუთს და რამდენად შეეფერება მოწოდებული ინფორმაცია სინამდვილეს, ზოგადად რა ვითარებაა იქ, ადგილზე მოვისმენთ. ავტ.).
_ ჩვენთან არაფერი შეცვლილა. მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიმუშავოთ. თან თვალს ვადევნებთ მიმდინარე პროცესს ფასების შესახებ. იმედი არ გვაქვს, რადგან როგორც ვხედავთ, ის კომისია მხოლოდ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება. აქა-იქ გამოჩნდნენ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, თუმცა, ეს სურათს არ (ვერ) ცვლის. არ გვაქვს იმედი, რომ ფასების საკითხი დარეგულირდება. საშუალო ბიზნესი ისევ დარჩება არაკონკურენტულ პირობებში მანამ, სანამ წელში წყვეტით შეძლებს მუშაობას. იმ კომისიამ, ახლა რომ ეკრანებზე ვხედავთ, უნდა გაიგოს, რომ ამ საქმიდან წარმატებული გამოვლენ, თუ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდებიან და საფუძვლიანად მოუსმენენ მათ. ხომ არაერთხელ გაიჟღერა ამ კომისიის მუშაობის დროს, რამდენი ტრადიციული მაღაზიები იყო ადრე და აღარ არისო! ვიმეორებთ, კომისიის ინტერესში რატომ არ არის ან თუ არის, როდის აპირებენ საუბარს, თუ რატომ აშანტაჟებს ქსელურები ტრადიციულ მარკეტებს _ დიდი ბიზნესი მცირეს? უფრო მეტიც, ქსელურები და დისტრიბუცია შეთანხმებულად ხომ არ მუშაობენ ამ ტრადიციულების სისტემის დასანგრევად? ცნობილი ამბავია, რომ ქსელურებსა და დისტრიბუციას შორის მოლაპარაკებები ხდება და მათ პირდაპირ ეუბნებიან, რომ ჩვენზე იაფად არ შეიტანოთ პროდუქტი სხვა მარკეტებში, თორემ ჩვენ არ ავიღებთ თქვენგანო. ამას ჰქვია შანტაჟი და არა წესიერი ბიზნესგარიგება, ჯანსაღი მოლაპარაკებით“, _ გვეუბნებიან ადგილობრივები, რომლებიც მცირე ბიზნესში არიან დასაქმებული.
მცირე და საშუალო ბიზნესის ადგილობრივი წარმომადგენლები გულისტკივილით ამბობენ, რომ ყოფილიყო ჯანსაღი კონკურენციის ბაზარი საცალო სავაჭრო ქსელში, ტრადიციული მარკეტები გაქრობას არ დაიწყებდნენ და ვერავინ ვერც ვერაფერს დააკლებდა:
„პირიქით _ ფასების სტაბილიზაცია მხოლოდ ტრადიციულებს შეეძლო! ამათ შეუძლიათ ფასებში კონკურენცია გაეწიათ (მხოლოდ ჯანსაღ პირობებში) ქსელურებისთვის! და არა ისე, რომ ტრადიციულს მიეცი ძვირად და მე მომეცი იაფად, ქეშბეკი დამიმატე, იმას არ მისცეო! ახლაც იგივე მეორდება ქსელებს შორის, რაც კონკურენციის სააგენტომ მათ აბსურდული თანხმობა მისცა გასაერთიანებლად. ტრადიციულები უკვე კონკურენტად აღარ მიაჩნიათ, იმიტომ, რომ ბაზრის დიდი წილი „დეილი ჯგუფმა“ დაიკავა და დანარჩენი ქსელური აღმოჩნდა ტრადიციულების პირობებში!
ზოგი ჭირი მარგებელი თუ არის, ახლა გამოჩნდება _ ერთმანეთს რომ დაეტაკნენ, როცა ერთი მხარე ტრადიციულების ბედში აღმოჩნდა, თემაც გაღვივდა და ჯერ კიდევ საკითხავია, ხელისუფლება მათ მორიგებას ცდილობს თუ ტრადიციულების ანუ მცირე და საშუალო ბიზნესის ბედიც აღელვებს! დაგვიანებულია, მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებელია არსებული ტრადიციულების შენარჩუნებით და ჯანსაღი სავაჭრო პირობებით დარეგულირდეს ფასები და პრობლემა მოგვარდეს, თუ მთავრობა სწორი პოლიტიკით მიუდგება საკითხს!
დადგა დრო, კომისიაზე მოუსმინონ საშუალი და მცირე ბიზნესის (ტრადიციულების) წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა ჭკვიანს, საქმის მცოდნეს, პრობლემაში კარგად ჩახედულს და არა იმას, ვინც იქნება ქსელურის თუ დისტრიბუციის რეკომენდაციით მიწვეული კომისიაზე!“ _ ითხოვენ გურიაში დასაქმებული მცირე ბიზნესის წარმომადგენლები.
ჩვენ კიდევ მრავალი თვალსაზრისი მოვისმინეთ, თუ როგორ ახდენენ მათზე ზეწოლას:
„კვერცხზე ფასები დაუწიესო და სინამდვილეში ფასის დაწევა დისტრიბუციებმა მხოლოდ ქსელურებზე მოახდინეს და არა ტრადიციულ მაღაზიებისთვის! თუ ასეა, ბარემ გამოაცხადონ, დაკეტეთ ტრადიციულ მაღაზიები, ჩვენ გავბატონდით და მხოლოდ ჩვენი საქციელია კანონიო. გვეცოდინება მაინც, რომ სახელმწიფო ინტერესში არაა ტრადიციულები, საშუალო ბიზნესი… თუმცა, კითხვაც გვექნება _ თუ ბიზნესი ხელშეუხებელია, მაშინ სადაა სახელმწიფოს ინტერესები ჩვენი ინტერესების დასაცავად, რაც ევალება კონკურენციის სააგენტოს და ანტიმონოპოლიურ სამსახურს?!“
„კვერცხის 10–ცალიანი შეფუთვა რომ შემოდის ტრადიციულებში, ამაზე 0,30 თეთრით იაფად ჰყიდის ქსელური! გამოდის, ეს პოლიტიკა მხოლოდ ქსელურებისთვისაა და არა ტრადიციულებისთვის! წაგებაზე ყიდისო, რომ იძახიან, ეგ ზღაპრები მოუყვნენ ოჯახში პატარებს! 0,30 თეთრით სხვაობა მხოლოდ ერთ ყუთზე 108 ლარია. ერთ კონკრეტულ ობიექტზე! და ახლა გადათვალონ, საქართველოს მასშტაბით, რამდენი გამოდის მხოლოდ ამ კონკრეტულ პროდუქტზე „ზარალზე მუშაობა“! ზღაპარს როცა ყვები, დასასრული ქსელურებისთვის ისეთივეა, როგორც ქართულ ხალხურ ზღაპარში: „ქატო იქა, ფქვილი აქა“… (ქატო ტრადიციულებს).
როდის და სად წარმოიშვა ქეშბექი?
„გურია ნიუსი“ წინა სტატიაში საუბრობდა ყბადაღებულ ქეშბექზე. სად წარმოიშვა ის?
ქეშბექი პირველად შემუშავდა 1891 წელს (გრელდ მეილდის მარკით). მაგრამ თანამედროვე სახე მიიღო მარკეტოლოგიის პროგრამით 1970 წელს, რომელიც პირველად გამოიყენეს დიდმა სუპერმარკეტებმა ამერიკასა და ევროპაში, მომხმარებლებისთვის, ბანკის საბარათე ოპერაციის შესრულების დროს. ინტერესი იყო, მომხმარებლები გადაეყვანათ ნაღდი ფულით ვაჭრობიდან უნაღდო ვაჭრობაზე. ამისთვის ის კონკრეტული ბანკი ამ მარკეტს ქეშბექის პროცენტს უნაზღაურებდა, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე. ეს, შემდეგ წლებში, მასობრივად დაინერგა საბანკო სისტემაში, მარკეტებში, რომლებიც ერთ სისტემაში არიან ჩართულები (საკომისიოს თუ ქეშბეკის დაბრუნებით). ამ დროს ბანკი და სუპერმარკეტი ზრდის საკომისიო მოსაკრებლის პროცენტს, რომ დანახარჯების კომპენსირება მოახდინოს ქეშბექის გამო.
ანუ, ცხადია, როგორ და რატომ შეიქმნა ქეშბექი თავიდან და ახლა როგორ გადაკეთდა, ისევ საბანკო სისტემის და მარკეტების მიერ. შედარებას რაც შეეხება, ახსნაც არ უნდა იმ ფაქტს, რომ თვალნათლივ ჩანს კარტელური გარიგება, ბიზნესზე ზეწოლით. ერთის მხრივ დისტრიბუციაზე, რომ „მე თუ არ მომცემ ამ ფასად და იმას ძვირად არ მისცემ, არ მინდა შენი მოტანილი პროდუქტი“. შემდეგ კი უაქციო დღეს მუშაობს 30%-იანი ფასნამატით და პლიუს, დამატებით თანხებს თხოვს აქციისთვის (ქსელური წინასწარ აცნობებს, რომ აპირებს ამა თუ იმ პროდუქტზე აქციას და ფასი უნდა დაუდოს ან ჩართოს რეტრო ბონუსი).
„რიგ დისტრიბუციას ჩაბარებისთვის აქვს განკუთვნილი სხვადასხვა ფასები. მაგალითად, პირველი ეს არის, ქსელურისთვის განკუთვნილი ფასი. მეორე _ ფასი ტრადიციულისთვის. მესამე კი ფასი მებითუმეებისთვის! ხოლო ქეშბექი, რეტრო ბონუსი და ასე შემდეგ მხოლოდ ქსელურებისთვის! აქ კიდევ არის ერთ ფაქტორი _ ქეშბექის თანხა საღი გათვლებით საპროცენტო განაკვეთია, რაც მომდინარეობს, როგორც კონკრეტული ობიექტის გაყიდული პროდუქტის მოცულობიდან დაბრუნებული თანხა! ამიტომ ქეშბექის აწევა არაა საღი გათვლები. წესით, ამ კონკრეტული ობიექტის დაინტერესებაა, რაც შეიძლება მეტი გაყიდოს კონკრეტული პროდუქტი, რომ ქეშბექის თანხა ბევრი გამოუვიდეს! აქ უკუღმაა მოქმედება და საპროცენტო განაკვეთებს აზრდევინებს მხოლოდ!“ _ ასეთი ლოგიკით საუბრობენ ჩვენთან მარკეტების წარმომადგენლები ოზურგეთსა და ჩოხატაურში.
„არაერთხელ გაჟღერდა, რომ ქეშბექს იყენებენ ფასდაკლებისთვის, რომ მოხმარებელს შესთავაზონ პროდუქტი იაფად. ეს კი იწვევს ქსელურებისგან დისტრიბუციის ფუნქციის მინიჭებას ტრადიციულისთვის. ხაზი უნდა გაესვას იმ ქმედებას, რომ როცა აქცია არაა, ხომ ყიდის 30%-იანი ფასნამატით? აქციის დღეს დააკლოს ის საპროცენტო განაკვეთი, რისი საშუალებასაც იძლევა რეალიზაციის ფასნამატი და ამავე პროდუქტის რეალიზაციის რაოდენობა და არა მწარმოებლიდან ამოღებული დამატებითი თანხების ( ე.წ. ქეშბექის, შესვლის, თაროს და მეჩენდაიზერის სახელფასოს) საშუალებით! ანუ გამოდის, რომ არა აქციის დღეზე ფასნამატის პროცენტიც მოგებაა მათთვის და ფასდაკლების დროს დაკლებული ფასიც, რაც მწარმოებლის და მომწოდებლის ხარჯზე ხდება, სადაც მაინც მოგებაზე მუშაობს“, _ გვიხსნიან სავაჭრო სისტემაში დასაქმებული ადამიანები.
„რატომ არ იძიებენ, ორი ქსელის გაერთიანება რის საფუძველზე მოხდა, რის შედეგადაც ამ გაერთიანებამ ბაზრის 30% დაიკავა?! ამ კურიოზიდან გამოსავალს ასე ვხედავთ: ქეშბექი მაქსიმუმ 15% უნდა იყოს, დისტრიბუციის პროდუქციის შესვლის ფასზე მაქსიმუმ 3%-ით იაფი. საცალო სავაჭრო ობიექტებში შესვლის ფასები ყველასთვის ერთ უნდა იყოს. ხოლო თუ ინტერესის წინ ჩადება სურს რომელიმე დისტრიბუციას რომელიმე ქსელში, ისარგებლოს ნულიდან 15%-ის განაკვეთით, პლუს გეგმაც დაუწეროს. ყველა სავაჭრო ობიექტს მისი საქონელმცოდნე _ მეჩენდაიზერი უნდა ჰყავდეს, ობიექტის მფლობელის ხარჯზე. რაც შეეხება შესვლის თანხას, ეგ ინდივიდუალურადაა გადასაწყვეტი, რადგან ობიექტი საკუთრებაა და თუ ღირებულია, გადაიხადოს ზომიერების ფარგლებში“, _ასეთ კითხვებს სვამენ და რჩევებსაც იძლევიან ოზურგეთელი, საშუალო ბიზნესში დასაქმებული ადამიანები:
„ნახეთ, როგორ ჰგავს „ატკატჩიკობას“_ რა ხდება, როცა ქსელის კიდევ ერთი ახალი მაღაზია იხსნება? იქ ერთჯერადად იხდის ყველა დისტრიბუცია შესვლის თანხას. ასევე, იხდის თაროს გამოსაყოფ თანხას. ანუ კარგად რომ დაფიქრდე, აქტიურად რა ხარჯიც გასწია ქსელურმა მარკეტის მოწყობისთვის, ინვენტარის შესაძენად იღებს. ესე იგი, სხვისი სახსრებით მუშაობას იწყებს და აგრძელებს. მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული და მოგებასაც გააჩნია, თუ რამდენად დიდი და უსასრულოდ მზარდია მადა, რის და ვის ხარჯზე!“
საშუალო და მცირე ბიზნესის კიდევ უფრო დიდ პრობლემებზე საუბარი აუცილებელია, რადგან ის არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში იმყოფება.
„ქსელურების შიდა სამზარეულოს კიდევ ერთი მოქმედება ასეთია: ქსელური აანონსებს კონკრეტული პროდუქტის აქციას, აგზავნის წერილობით შეტყობინებას მომწოდებელთან. შემდეგ ხდება ამ კონკრეტული პროდუქტზე ფასის რეგულირება (ის ქეშბექი ცალკეა, გვერდზე რჩება). მოკლედ აქ ხდება ის, რომ ქსელური სულ მუშაობს 30%-იან მოგებაზე და ეს უნდა, რომ გამოიყენოს აქციის დროს ფასების დასაწევად. მოგება ცალკე სურთ ახალი ობიექტის გახსნისას, გაწეული ხარჯების დისტრიბუციიდან ამოღება, შესვლის და თაროს საფასურით სარგებლობა _ კიდე ცალკე!. ასე ყველა გახსნის მარკეტს სხვის ხარჯზე და იგუგუნებს, როცა თეთრს არაფერში ხარჯავ. და პლიუს ამას თანამშრომლად მეჩენდაიზერი ჰყავს, რომლის ხელფასს დისტრიბუცია იხდის!
ეს ყველაფერი თავის დროზე ტრადიციულ მარკეტებს აწვა ზურგზე (თვითღირებულებით) და ვინც დარჩა, იმათაც ახლა ზურგზე აწევთ ისევ ისე. დაიხურებოდა მარკეტები, აბა, რა იქნებოდა? რა სწორი პოლიტიკა უნდა გაატაროს ტრადიციულმა მაღაზიამ (საშუალო ბიზნესმა) რომ გადარჩეს, როცა მომწოდებლიანად და ქსელურიანად ყველა ებრძვის?!
საშუალო და მცირე ბიზნესის კიდევ უფრო დიდ პრობლემებზე საუბარი აუცილებელია, რადგან არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში იმყოფება და ამაზე არავინ საუბრობს! ამიტომ აუცილებელია, სწორედ ეს თემა წამოიწიოს მთავრობის მიერ შექმნილ ფასების კომისიის სხდომებზე! ან კი ვინ ისაუბრებს, თუ იმ კომისიის სხდომებზე ამ სექტორიდან არ მიიწვიეს წარმომადგენლები? გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ერთი _ დღეს არსებულმა კომისიამ, რომელიც ფასნამატს და ყველაფერს სწავლობს, პროდუქტზე ფასების დარეგულირებისთვის, უნდა მოუსმინოს საშუალო და მცირე ბიზნესს. ახლა აქტიურია კითხვა _ რატომ არ ინტერესდებიან, მოუსმინონ მათ? ვისაც უსმენენ, ბოდიში, მაგრამ „მამალი მაქინატორები არიან“, _ პირდაპირ ამბობენ თავის სათქმელს მცირე ბიზნესში დასაქმებული გურულები.
ავტორი



































































