ტელეწამყვანს და კრემლის პროპაგანდისტ თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლას აუკრძალავენ. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა.
ამის მიზეზი კი კრემლის პროპაგანდისტის განცხადება გახდა, სადაც მან ყაზახებს მანქურთები უწოდა.
„თუ საჭირო იქნება, ზომები მიიღება. სახელმწიფო ასეთ რამეს არასდროს აპატიებს. დიდი ალბათობით მას არც მოუნდება აქ ჩამოსვლა, მაგრამ თუ დააპირებს არ შემოვუშვებთ”, – განაცხადა სმადიაროვმა.
ცნობისთვის, წლის დასაწყისში ყაზახეთში რკინიგზის ორ სადგურს სახელი შეეცვალა. რუსული ურალსკისა და უზენის ნაცვლად სადგურებს ორალი და ჟანაეზენი ჰქვია.
ამ ცვლილებას თინა კანდელაკი საკუთარ Telegram არხზე გამოეხმაურა:
“როგორც ბალტიისპირეთის გამოცდილება გვიჩვენებს, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. იქაც მცირედით დაიწყო, დღეს კი იხურება რუსული სკოლები, ნადგურდება საბჭოთა ძეგლები, იკრძალება რუსული ენა”.
კანდელაკმა მოგვიანებით კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ყაზახებს მანქურთები უწოდა.
“ძვირფასო ყაზახებო, თქვენ გაქვთ მარტივი, მაგრამ მრავლისმომცველი ზმნა мәңгу (დაბნევა, გაგიჟება, კონტროლის დაკარგვა). ამ ზმნიდან არის წარმოებული სიტყვა მანქურთი – ადამიანი, რომელმაც დაკარგა მეხსიერება, იდენტობა და ზოგჯერ გონებაც. საკუთარი თავისა და მოვლენების, ისტორიის და მათ შორის ისტორიული სახელების დავიწყება არამარტო უწიგნური, არამედ საშიში წამოწყებაა”, – დაწერა Telegram არხზე.
მან ქურთები ყირგიზი რუსულენოვანი მწერლის, ჩინგიზ აიტმატოვის მიერ გამოგონილი ტერმინია. მის ნაწარმოებებში მანქურთები არიან ტყვედ ჩავარდნილი ადამიანები, რომლებიც უსულო მონებად აქციეს. გადატანითი მნიშვნელობით ტერმინი უწარსულო, ეროვნული ფესვების არმქონე ადამიანის სინონიმია, რომელსაც ხშირად შეურაცხმყოფელი კონოტაცია აქვს.
ავტორი