თხილის კრეფის სეზონი, როგორც გურიაში ხუმრობენ, დაწყებული არ გვეგონა და ჩაგვადნა ხელში, თავისი ფასიანადო, მართლაც სწრაფად მიილია.
სეზონის დასაწყისში, ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს, როცა თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ქარდავა ამბობდა, შარშანდელთან შედარებით, როცა 45 ათასი ტონა საუკეთესო ხარისხის თხილი მივიღეთ, წელს უფრო მეტს _ 55 ათასი ტონას ველოდებითო. თუმცა, მაშინ გურულები ამაზეც კეთილად ხუმრობდნენ, ეგ მსხმოიარობის გამოა, რომელსაც მხოლოდ ბუნება და მცენარის ბუნება აკონტროლებს. ფასი, ვნახოთ, წელს ყველაზე მეტად “გაჩალდება”, გვგონიაო.
თუ მოვლენებს გადავხედავთ, გურულების, ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველება ახდა!
ჩვენ გადავხედეთ საოჯახო ჩანაწერებს, სადაც ბოლო ათწლეულების მანძილზე ჩანიშნულია თხილის ფასის რაოდენობა.
ძალიან შორს არ მივბრუნდებით, ბოლო ხუთ წელს თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტი დახმარება თხილის რეაბილიტაციისთვის გაიცა და ყველაზე დაბალი ფასი, რაც არც ახსოვთ გურიაში, თხილს აქვს წელს, ამ სეზონზე!
თხილი ერთ-ერთი უმთავრესი საექსპორტო საქონელია, რომელიც საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში გადის. ქვეყანა ექსპორტიორებს შორის მეექვსე ადგილს იკავებს. საქართველომ 2023 წელს 45 ათასი ტონა _ ნაჭუჭიანი და 16 700 ტონა თხილის გული აწარმოა.
ამ ზოგადი მონაცემების ფონზე, საქართველოში თხილის ხარისხი და ფასი მკვეთრად მიიწევს დაბლა.
17 სექტემბერს, დილიდან, ოზურგეთში, ერთი კილოგრამი ნარევი თხილის ფასი 2 ლარი იყო. ეს არის შერეული, გაუტეხავად მიღების შემთხვევაში არსებული ფასი. “ბერძნულას” კი, კვლავ ტეხენ და 40-45 თეთრს იხდიან, ერთ ცალზე გაანგარიშებით.
ასეთ შემთხვევაშიც კი, ერთი კილოგრამი თხილის ფასი 3,50 ლარს არ აშორებია.
_ გუშინ სენაკში პირად საქმეზე წავედი. 30-იოდე კილოგრამი თხილი გავიყოლიე. ნარევი, რა თქმა უნდა. თხილი რასაც ჰქვია, ყველაფერი ეყარა შიგ. ერთი კილოგრამი სამ ლარად ჩაიბარეს. აქ ორ ლარზე მეტს არ გადაგიხდიან. ბევრი არც ესაა, მაგრამ საოცარია, სენაკში თუ ნარევ თხილში ასე იხდიან, აქ რატომ “ძოვს მაფია”? რატომ არის შედარებით ყველზე დაბალი ფასი ოზურგეთში, ვიდრე დასავლეთ საქართველოს სხვა ნებისმიერ ქალაქში? _ სვამს კითხვას ოზურგეთელი მაია ხარაიშვილი.
_ აქ სულ ასეა. კი გამოაჭამეს და გამოულიეს ხალხს 2 ლარად ეს თხილი და აწი რა ფასიც უნდათ, ის დაადონ, არ გაძღნენ. ორი ლარი მარტო ნაჭუჭის ფასია, რომ თქვას კაცმა, _ ამბობენ თხილის მიმღებ პუნქტებში მომუშავე ქალბატონები, რომლებიც დილაადრიან, სოფლებიდან ჩამოსული ავტობუსების მგზავრებს დასდევენ, თხილი ჩვენ ჩაგვაბარეთო.
თხილის სეზონი, თითქმის, დასასრულს უახლოვდება და ფასი არ გაზრდილა. პირიქით, ზოგ პუნქტში ორ ლარსაც არ უხდიან მეურნეებს.
თხილის დაბალ ხარისხს უმეტესობა ფაროსანას უკავშირებს. თუმცა, რაც ახლა თხილს სჭირს, ეს არის სიდამპლის ბრალი, რაც სოკოვანი დაავადებებისგან არის წარმოშობილი. უხვნალექიანმა გაზაფხულმა ცუდი ასახვა ჰპოვა მოსავალზე, თუმცა, ესეც არ არის მთავარი მიზეზი.
_ თხილის სეზონი მიიწურა, ფასი ხელში ჩაგველია. ბოლო ათწლეულში, თხილი გურიაში ყველაზე მეტად გაუფასურდა. ნახეთ, ბატონო, გადახედეთ, შევადაროთ ფასები. ბევრს ახსოვს, ბევრსაც ჩაწერილი და შენახული აქვს, რა ღირდა გასულ წელს თუ შარშანწინ და იმის წინაც თხილი. გასულ წელს, ივლისის ბოლოს, სამი ლარით დაიწყო ჩაბარება. მერე კიდევ მოიმატა. ორ ლარად თხილს ამ დროს, ათი წლის წინაც არ იბარებდნენ. ეს არის ხალხის მასხრად აგდება. სირცხვილი არაა? ასე ეხმარებიან გლეხკაცს? _ ამბობს პროფესიონალი აგრონომი, მეურნე ელდარ თავაძე.
_ თხილის ხარისხის და მერე ფასის ასეთ დაცემაში, უდიდესი როლი აქვს უცოდინარობას! როგორც სახელმწიფოს, ისე თვით გლეხის, მეურნის მხრიდან! _ გვითხრა გამოცდილმა მეურნემ დავით თენიეშვილმა.
_ მთავარი მიზეზი ხომ ყველას აინტერესებს? პირველი _ ეს არის დაგვიანებული დაფინანსება, რასაც, ბუნებრივია, დაგვიანებული წამლობა მოჰყვა. როდის დაიწყეს ბარათებზე ქულების დარიცხვა? დაახლოებით, მესამე წამლობა უნდა დაწყებულიყო და პირველიც არ იყო ჩატარებული. ვირუსის და სოკოს ჩასახლებამდე, სიდამპლის სოკოს და კვირტის ჭიის წინააღმდეგ, წამლობა უნდა ჩატარებულიყო დროულად. თუ ლპობის წინააღმდეგ, პრევენცია ადრიანად არ მოხდა, მერე უკვე ამის გამოსწორებაზე ლაპარაკი და მცდელობა ზედმეტია. გლეხი ადგა და ზოგმა ურიკა იყიდა, ზოგმა ცელი…ესაა საქმის კეთება? რამდენჯერ უნდა ვთქვათ ერთი და იგივე? როცა 90-მა პროცენტმა თხილი არ შეწამლა, ხომ უნდა მიხვდე, შედეგი არ იქნება და რაში იხარჯება ფული? ცოდნის დეფიციტი, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობაში, უპირველესი პრობლემაა. გლეხმა ხომ საერთოდ დაკარგა მოტივაცია და ამაში, უპირველესი პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია, _ ამბობს დავით თენიეშვილი.
კითხვაზე, მოტივაციის გაჩენა ხომ მოინდომა ხელისუფლებამ და გამოიყო სარეაბილიტაციო თანხები, თენიეშვილი ამბობს, რომ რაც დაიწყეს, ეს არის თავდაყირა საქმის კეთება:
_ როგორც ვთქვი, დაგვიანებით მოხდა დახმარების გაწევა (სხვათა შორის, ამის თაობაზე, ბევრი საქმის სპეციალისტი აღნიშნავდა ჯერ კიდევ გასულ შემოდგომაზე და ამბობდნენ, რომ არ მოესწრებოდა სარეაბილიტაციო თანხების დროულად გაცემა და ეს იქნებოდა წყალში გადაყრილი ფული. ავტ.). ცოდნის დეფიციტი დიდია და გეგონება, ამით სარგებლობენ კიდეც. გადავხედოთ, გლეხმა თხილის გაჩეხვა დაიწყო. ხედავთ, მისი ფიქრიც როგორ არანორმალურია? იძახის, სიმინდს აქვს ფასი და იმას დავთესავო. ოჯახაშენებულო, გქონდა ეს ყანა, ადექი და მაშინ თხილი დარგე, ახლა რატომ ჩეხავ? თხილს სულ ექნება ფასი. კარგად უნდა მოუარო. თუმცა, გამწარებული ადამიანი მონოპოლისტების თავგასულობასაც ხედავს. რაც არ უნდა კარგი თხილი გქონდეს, გეუბნებიან, ოთხი ლარი ღირსო. ამიტომ ადგა ის გლეხი, არ შეწამლა, იფიქრა, ვწამლავ, არაფერი არ გამომდის, სახელმწიფო მეხმარება, მაინც არ გამომდის, ავდგები და პრეპარატს კი არა, ამ წუთში რაც უფრო გამომადგება, იმას ვიყიდიო. აი, ესა გამოიწვია იმან, რომ სუბსიდირება არ უნდა ხდებოდეს უთავბოლოდ, თავდაყირა. ამას ჰქვია პროექტის ჩავარდნა! სწორად მართვის შემთხვევაში, თხილის მოვლას შედეგი და შემდეგ ფასი სულ ექნება! დღეს კი, ცალკე ეს თავდაყირა მდგარი, უცოდინარობაზე აგებული სარეაბილიტაციო პროცესი, ცალკე კი თხილზე არსებული მონოპოლია გლეხკაცსაც წელში ტეხს და კულტურის განვითარების და აღდგენის პროცესს, ლამის, საუკუნოდ ამუხრუჭებს! ასე იყო ჩაის სარეაბილიტაციო პროექტებიც როცა წამოიწყეს! _ ამბობს დავით თენიეშვილი.
ახლა, როცა თხილის კრეფის და შეგროვების პროცესი დასასრულს უახლოვდება, ფერმერთა მცირე ნაწილი თუ გადაინახავს თხილის ახალ წლამდე. თუმცა, როგორც არასდროს, ყველა ისე შიშობს, რომ საეჭვოა, საღი გული შერჩეს და პროდუქცია ხარისხიანი იყოს.
ამ ფონზე, კიდევ უფრო აქტიურად ისმის საუბარი თხილის აჩეხვის თაობაზე, რაც გურიაში, სამეურნეო საქმიანობას მხოლოდ დაღს დაასვამს და ეკონომიკის კიდევ უფრო დასუსტებას გამოიწვევს.
ავტორი