მეორე დღეა ჩოხატაურში თოვს. ამ წუთისთვის თოვლის საფარი დაბის ცენტრში ნახევარ მეტრს აღწევს.
როგორც ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ამ დროისთვის პრობლემებია დაბლაციხე-იანეულის ხაზზე _ მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია.
“თოვლმა დააზიანა მაღალი ძაბვის სადენები და ამ ეტაპზე ელექტროენერგია არ მიეწოდება დაბლაციხეს, ბუკისციხესა და იანეულს. ჯგუფი გასულია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. რაც შეეხება გზას, ამ დროისთვის მიმდინარეობს ცენტრალური გზების გაწმენდა, რომლის დასრულების შემდეგ შიდა გზებზე გადავინაცვლებთ”, _ გვითხრა ჩოხატაურის მერმა.
დავით შარაშიძის თქმით, დიდთოვლობის გამო შექმნილი სხვა სახის პრობლემით, ჯერჯერობით, მოსახლეობას მისთვის არ მიუმართავს.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურში მეორე დღეა თოვს და გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თოვა კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.