პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის ტელეფონში, რომელიც ოჯახს გამოძიების დაწყებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ დაუბრუნეს, Facebook-ი და Whatsapp-ი წაშლილია.
მისი თქმით, საგამოძიებო უწყებამ ეს მიზანმიმართულად გააკეთა, რათა ოჯახს საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა არ ჰქონოდა.
“როგორც კი დაგეგმეს, რომ ნივთები უნდა დაებრუნებინათ, ტელეფონიდან მიზანმიმართულად ამოშალეს მთლიანად Facebook-ი, იმიტომ, რომ იმ Facebook-ზე ისინი ავრცელებდნენ ძალიან ცუდ, ბინძურ და გარყვნილ ჭორებს, ვითომ ჰქონდა იქ რაღაცა. ეს მე დღეს თქვენთვის რომ არ მეჩვენებინა სიმართლე, Facebook-ი წაშლილია.
რაც შეეხება whatsapp-ს, გიორგობიანის ენით, რომელიც იყო დიდი დანაშაული, მცდელობა, რომ დაებრალებინა თემირლანისთვის ეს ტერორიზმი, ჩემი ოჯახისთვის, მთელი პანკისის ხეობაში მაცხოვრებელი ქისტებისთვის, იქნა გავრცელებული ძალიან დამახინჯებულად და შეურაცხმყოფელად. რაც არ ყოფილა whatsapp-ში, არ ჰქონია მას არავისთან საუბარი, ეს ტელეფონიც ჩვენ დღეს ხელთ გვაქვს და რასაც ესენი ავრცელებდნენ და მე და ჩემ ოჯახს გვანადგურებდნენ, იმ whatsapp-შიც არაფერი მასეთი არ არის”, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრში”, რომელიც მაჩალიკაშვილის საქმეზე მუშაობს, ამბობენ, რომ შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.
შეგახსენებთ, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სამართალდამცავის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა. ის 10 იანვარს კლინიკაში გარდაიცვალა.
წყარო: mtavari.tv