1 ივნისიდან ავტოსადგურებისა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებისთვის ახალი რეგულაციები უნდა ამოქმედდეს.
ცვლილებები ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. თუ დადგენილ კრიტერიუმებს ავტოსადგურები პირველ ივნისამდე ვერ დააკმაყოფილებენ, საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ. შესაბამისი ნებართვის აღება მოუწევთ მძღოლებსაც. რეგულაციებით ასევე იკრძალება შორ მანძილზე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო დანიშნულების პუნქტი საწყისი წერტილიდან 150 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული, მძღოლები მგზავრთა გადაყვანას მიკროავტობუსით ვეღარ შეძლებენ.
ოზურგეთის ავტოსადგურის დირექტორი, შაკო ორაგველიძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ტრანსპორტის შეცვლასთან დაკავშირებით ჯერ არ იციან, გადავადდება თუ არა რეფორმის ამოქმედება.
“ტრანსპორტის შეცვლასთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გვაქვს გადავავდდება თუ არა, რაც შეეხება ავტოსადგურს, 1 ივნისისთვის სავარაუდოდ ლიცენზია ექნება”,_ გვეუბნება შაკო ორაგველიძე ჩვენი კითხვის საპასუხოდ, თუ რამდენად მზად ხვდება ავტოსადგური საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების თარიღს.
_ იმ შემთხვევაში თუ გადავადება არ მოხდა, რა მოხდება?
_ თუ გადავადება არ მოხდა, ამ შემთხვევაში, ივლის ისევ M3 კატეგორიის ავტობუსი, რომელიც ახლაც დადის.
გადავადდება თუ არა სატრანსპორტო რეფორმის ამოქმედება, ამის შესახებ ჯერჯერობით “გურია ნიუსს” ვერც სახმელეთო სატრანსპორტო სააგენტოს პრესსამსახურში ვერ პასუხობენ და ამბობენ, რომ ინფორმაციას მალე მოგვაწვდიან.































































