თავიდან სურათი წარმოაჩინეს, რომ რაღაც სასწაული მოხდა NATO-ს სამიტზე და უკრაინამ დეოკუპაციაც მოახდინა უკვე, გაიმარჯვა, სასწაული მოხდა და საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა. და რა მოხდა რეალურად? გარდა იმისა, რომ თქვეს, რომ მაპი აღარ დასჭირდება, ჩვენ პირდაპირი განცხადებები მოვისმინეთ, რომ უკრაინა ვერ გახდება NATO-ს წევრი, სანამ ითქვა, რომ რუსეთს არ დაამარცხებს და კითხვა მაქვს, თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, მაშინ NATO-ს წევრობა რაღა საჭიროა, აქედან დავიწყოთ. NATO არის უსაფრთხოების გარანტია, მთავარი, ვინც შეიძლება, უსაფრთხოების გარანტია მისცეს რომელიმე სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს არის NATO, სხვა უკეთესი მსოფლიოში დღეს არ არსებობს ქოლგა ორგანიზაცია, ჩვენ ამიტომ მივისწრაფვით, რომ გავხდეთ NATO-ს წევრი ქვეყანა.
მაგრამ ასევე მოვისმინეთ პირდაპირი განცხადებები დასავლეთის ლიდერებისგან, რომ უკრაინა არ არის მზად, გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა და ა.შ. როცა ქვეყანა არის ომში და ასევე ითქვა, რომ სანამ უკრაინა არის ომში რუსეთთან, ვერ გახდება NATO-ს წევრი, რატომ? იმიტომ, რომ თქვეს, ჩვენ მესამე მსოფლიოს ომს ვერ დავუშვებთ, ანუ ვერ შევა NATO და მთელი დასავლეთი მსოფლიო პირდაპირ კონფლიქტში, სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან. ასეთ ვითარებაში, როცა ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყნის მაგალითზე, მის გამო NATO ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს, გაწევრიანების მიმართულებით უკრაინისთვის, ჩვენ, საქართველომ, ჯერ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე და ეს მაგალითი არის გაკვეთილი ჩვენთვისაც, _ განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვილნიუსში გამართული NATO-ს სამიტის შეფასების დროს.