საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ქვეყნის საფინანსოს სისტემა კვლავ აღასრულებს საერთაშორისო სანქციებს – ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც კითხვა დაუსვეს სანქცირებული „ლუკოილის“ შესახებ.
„უკვე სამი წელია, პრაქტიკულად, ჩვენ არცერთი დარღვევის შემთხვევა არ გვქონია. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ეს შედარებით ახალი გადაწყვეტილებაა, ჩვენი საფინანსო სექტორი და რეგულატორიც, ჩვენც ვიმოქმედებთ შესაბამისად. შევისწავლით, ვნახავთ და რასაკვირველია, სანქციების რეჟიმის დაცვა არის ის, რასაც აკეთებენ ჩვენი ბანკები დღემდე. ამ თვალსაზრისით რაიმე გართულება არ იქნება“, – განაცხადა თურნავამ.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოში „ლუკოილის“ წარმომადგენლობას. კომპანიის იურისტმა განცხადა, რომ აგრძელებენ მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში თავადვე გაავრცელებენ განცხადებას.
15 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გააფართოვა უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და ჩამონათვალს დაუმატა უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანიები „ლუკოილი“ და „როსნეფტი“.



































































