თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი 11 პუნქტს მოიცავს. ერთი პუნქტი შვედეთსა და ფინეთს ავალდებულებს, სრულად ითანამშრომლონ თურქეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ასევე გულისხმობს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
მედიის ცნობით, ასევე შვედეთი და ფინეთი ვალდებული იქნებიან, წინააღმდეგობა გაუწიონ „ქურთების მუშათა პარტიას“, რომელიც თურქეთისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.
ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ფინეთი და შვედეთი ვალდებული იქნებიან, ითანამშრომლონ თურქეთთან ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჰელსინკმა და სტოკჰოლმმა უნდა გააუქმონ აქამდე არსებული ყველა შეზღუდვა თურქეთში იარაღის ექსპორტზე.
„შვედეთი და ფინეთი თუ ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ, მათ უნდა გაითვალისწინონ თურქეთის შეშფოთების მიზეზები, ქვეყნის, რომელიც 70 წელია, ნატო-ს წევრია“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამმხრივ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, თურქეთი ამ ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს, _ იუწყება 1tv.ge.