თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურებში ციმბირული წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია თავდაპირველად მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს აღმოაჩნდა, საქონლის დაკვლის შემდეგ კი მეპატრონე დაავადდა,_ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალაბული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარდა კანონმდებლობით დადგენილი ყველა შესაბამისი ზომა. მოხდა სოფელში არსებული პირუტყვის ვაქცინაცია , დაავადებული ხორცი სოფლიდან მოშორებით დაიწვა და სპეციალურ სამარხში ხუთი მეტრის სიღრმეზე განთავსდა.სურსათის უვნებლობის სამსახურის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოხდა მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტუშურებში აკრძალულია საქონლის დაკვლა, ასევე ხორცის და რძის ნაწარმის რეალიზაცია. პარალელურად სოფელში აცრილი პირუტყვის მონიტორინგი მიმდინარეობს.
გუბერნატორის განცხადებით, სიტუაცია ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.