ტიბეტის ქალთა საფეხბურთო ნაკრებს ამერიკის შეერთებული შტატებმა ვიზა ტეხასის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად არ მისცა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ნაკრებში აცხადებენ, მათ უთხრეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასასვლელად „კარგი მიზეზი არ აქვთ.“
გავცრელებული ინფორმაციით, ნაკრების მოთამაშეების უმეტესობა ინდოეთში მცხოვრები ტიბეტელი დევნილები არიან და მათ შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დელიში მიმართეს.
როგორც ცნობილია, ტრამპის ადმინისატრაციის ბრძანებით, ამერიკის შეერთებული შტატები დროებით ზღუდავს ქვეყანაში შვიდი ერის მოქალაქეების შესვლას, მაგრამ აღნიშნულ სიაში ტიბეტი და ინდოეთი არ შედის.
ტიბეტის ქალთა საფეხბურთო ნაკრების აღმასრულებელი დირექტორის, ქეისი ჩაილდერის განხცხადებით, რომელიც ამერიკის მოქალაქია, მან ჯგუფის 16 მოთამაშე საელჩოში გასაუბრებისთვის 24 თებერვალს ჩაწერა.
„იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩვენ მოგზაურობა თვეების განმავლობაში გვქონდა დაგეგმილი. ეს იყო დიდი მომენტი ნაკრების ყველა მოთამაშის ცხოვრებაში. ეს იყო მათი შესაძლებლობა ეთქვათ მსოფლიოსთვის, რომ ტიბეტელ ქალებს რამის მიღწევა შეუძლიათ“,_განაცხადა ჩაილდერმა.
მისივე თქმით, რცხვენია, რომ მისმა ქვეყანამ ქალთა საფეხბურთო ნაკრებს ვიზების მიცემაზე უარი უთხრა.
„მე მეშინოდა შედეგის, რადგან ტიბეტის მოქალაქეები ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მოსაპოვებლად იბრძვიან და ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ისინი შესაძლოა თავშესაფარს მოითხოვენ“,_ამბობს ჩაილდერი.
მისივე თქმით, მოთამაშეები ამ რეგრესის მიუხედავად კარგ ხასიათზე არიან.
„მოთამაშეები კარგ განწყობაზე არიან. მე დამწუხრებული, მაგრამ მოტივირებული ვარ. ვიმედოვნებ, ნაკრები სხვა ქვეყნებში იქნება მიწვეული, რასაც ტიბეტი მიესალმება,“_ამბობს ჩაილდერი.
მაუწყებლის ინფორმაციით, გუნდის წევრი ქალების უმეტესობა ინდოეთის პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს ფლობენ, რაც ინდოეთის მთავრობამ დოკუმენტის სახით გასცა და ფუნქციონირებს როგორც ტიბეტელი ლტოლვილების პასპორტები.
ნაკრების 2 წევრს ინდოეთის პასპორტები აქვთ, ხოლო დარჩენილმა 4-მა მოთამაშემ, რომლებიც ნეპალში ცხოვრობენ და ნეპალის მოქალაქეები არიან, ასევე მიმართეს საელჩოს ვიზებისთვის, მაგრამ ამერიკულ მხარეს პასუხი ჯერ არ გაუცია.
მაუწყებლის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე კომენტარს არ გააკეთებენ, მაგრამ ქვეყნის პოზიცია ტიბეტის მიმართ არ შეიცვლება, რადგან ის ჯერ კიდევ ჩინეთის ნაწილია.
როგორც ცნობილია, გუნდი გეგმავდა მონაწილეობა მიეღო დალასის თასში, რომელიც მთელი მსოფლიოს ახალგაზრდული გუნდების ყოველწლიური ტურნირია.