მეორე დღეა, რაც ლანჩხუთელი ნინა ბარამიძე სოციალური ქსელის საშუალებით დახმარებას ითხოვს ე.წ. მეურნეობის ბინებში მცხოვრები მოხუცი ქალბატონისთვის, რომელიც ლოგინადაა ჩავარდნილი და პატრონი არავინ ჰყავს. მოხუცის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ნაწოლები აქვს მთელ სხეულზე და გაუნძრევლად წევს, ტკივილებისგან კვნესის.
ნინა ბარამიძის მოთხოვნაა, რომ მოხუცს, რომელიც წლების განმავლობაში დასუფთავების სამსახურში მუშაობდა, შესაბამისმა უწყებებმა ყურადღება მიაქციონ, რომ ასე უსულგულოდ არ იტანჯებოდეს.
“ნაწოლებისგან დაწეპებულია საწოლზე. ხარჯებს ჯგუფის წევრები დავფარავთ, უბრალოდ, მერიისგან სასწრაფო დახმარების მანქანა გვჭირდება. ყმუის, ვეღარ ვუძლებ. ფეხი ვერ გავუსწორეთ მიწებებული აქ”, _ წერს ნინა ბარამიძე.
საწოლსმიჯაჭულ მოხუცთან დაკავშირებით, რომელსაც მომვლელი არავინ ჰყავს, “გურია ნიუსი” მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. როგორც მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა სულაბერიძემ გვითხრა, მუნიციპალიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის უწევდა დახმარებას აღნიშნულ პიროვნებას და არც შემდგომში დატოვებს უყურადღებოდ.
“ჩასმული გვყავს უფასო კვების პროგრამაში, საკვები პროდუქტებითა და სხვა საჭიროებებით არაერთხელ დავეხმარეთ. როგორც ვიცით, ჰყავს შვილიშვილი და მისი მეშვეობით ხდება საბუთების შეგროვება, რომ შეშაც მივაწოდოთ ზამთრისთვის. მერია, შესაძლებლობების ფარგლებში, აუცილებლად გაუწევს დახმარებას ამ მოხუცს”, _ გვითხრა მაკა სულაბერიძემ.