ქართული არმიის დაარსების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გორში დისლოცირებულ საქათველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ესწრება. მთავრობის მეთაური საერთაშორისო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და არმის დაარსებიდან 26 წელი მიულოცა. პრემიერის განცხადებით, ქართულმა ჯარმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებლობის პროცესში.
“გილოცავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების 26 წლის იუბილეს. ეს 26 წელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის უამრავი გამოწვევით აღსავსე გახლდათ და ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში. ჩვენ უამრავი გმირობის მაგალითი გვახსოვს მთელი ამ წლების განმავლობაში. თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მინდა, პატივი მივაგო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე მიიტანეს ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის სამსხვერპლოზე. ყველა თქვენგანს ვულოცავ სახლში, თქვენს ოჯახებში მშვიდობით დაბრუნებას და გისურვებთ ჩვენი ქვეყნის სიხარულით და ნათელი ფერებით აღსავსე მომავალს. ამ მომავლის შენებაში თქვენ გაქვთ ყველაზე დიდი წვლილი, ამიტომ მინდა, თითოეულ თქვენგანს ყველაზე დიდი მადლობა გადაგიხადოთ. გილოცავთ მთელი ქვეყნისთვის ამ ძალიან დიდ დღესასწაულს“, _ მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს.
პრემიერმა ბრიგადა დაათვალიერა, სადაც სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დღევანდელი დღის აღსანიშნავად კულტურული და სპორტული ღონისძიებები იმართება.
გიორგი კვირიკაშვილმა გარდაცვლილი გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირთა ხეივანში შვილთან ერთად ხე დარგო.
დღეს ქართული არმიის დაარსებიდან 26 წელი შესრულდა. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილია. ღონისძიებები ორ ლოკაციაზე – გორში დისლოცირებულ I ქვეით და ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადებში გაიმართება.
1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.