ორი დღის წინ იაპონიაში სუმოისტთა მორიგი შეჯიბრება დაიწყო. ამ ასპარეზობაში ორი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს. პირველ დივიზიონში ტოჩინოშინი (ლევან გორგოძე) გამოდის, მეორე დივიზიონ ძურიოში კი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი).
ნაცუ ბაშოს დაწყებიდან უკვე ორი დღე მიილია და ტოჩინოშინს მიჯრით ორი გამარჯვება დაუგროვდა. გუშინ ქართველმა მონღოლი არავაში დაამარცხა.
გუშინვე იმარჯვა თეიმურაზ ჯუღელმაც, რომელიც ნიშიგიკიზე ძლიერი აღმოჩნდა. გაგამარუს ორი დღის შემდეგ ერთი მოგება და ერთი წაგება დაუგროვდა.
ესპანეთში დასრულდა კალათბურთელთა რეგულარული პირველობა. უახლოეს დღეებში ფლეი-ოფის გათამაშება დაიწყება. გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის „ანდორამ“ ჩემპიონატი მერვე ადგილზე დაასრულა და ფლეი ოფის საწყის სტადიაზე მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.
გუშინ ესპანეთის კალათბურთის ფედერაციამ ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. მათ შორის გიორგი შერმადინიც მოხვდა, რომელიც წინახაზელებში მხოლოდ „ვალენსიას“ ცენტრალურ თავდამსხმელ ბოიან დუბლიევიჩს ჩამორჩა.
გუშინ ცნობილი გახდა რომ მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობამ კლუბ „ტოტენჰემის“ არგენტინელ მთავარ მწვრთნელ მაურიციო პოჩეტინოსთან მოლაპარაკება წამოიწყო. იტალიელები სამხრეთ ამერიკელს წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობენ, რაც ორჯერ მეტია იმ თანხაზე რასაც ამჟამინდელ გუნდში იღებს. უფრო ადრე იტალიელებს უარი ანტონიო კონტემ და დიეგო სიმეონემ შეუთვალეს.
გუშინვე ცნობილი გახდა რომ პორტუგალიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ 34 წლის მცველი პეპე კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს. გუშინ პეპემ და იტალიურმა გუნდმა პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმეს.
ფრანგული სპორტული მასმედიის მტკიცებით, მომავალი სეზონიდან კლუბ „ნიცას“ სათავეში იტალიელი კლაუდიო რანიერი ჩაუდგება. მიმდინარე სეზონში გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწია და საფრანგეთის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა. მიმდინარე წლის შემოდგომაზე „ნიცა“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. მართალია გუნდის ამჟამინდელი დამრიგებელი ლუსიენ ფავრი კარგად მუშაობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგისთვის კლუბის ხელმძღვანელობას უფრო ავტორიტეტული მწვრთნელის დანიშვნა სურს.
ლონდონის „ჩელსის“ რუსი მფლობელი რომან აბრამოვიჩი კლუბის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ახალ, გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას სთავაზობს. ახალი კონტრაქტის მიხედვით იტალიელის ხელფასი გაორმაგდება და წელიწადში 13 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიაღწევს.
ახალი სეზონიდან კლუბ „რომას“ ახალი მწვრთნელი ეყოლება. იტალიური მასმედიის მტკიცებით ამ თანამდებობას „სასუოლოს“ ამჟამინდელი დამრიგებელი, 47 წლის ეუსებიო დი ფრანჩესკო დაიკავებს.