ტრაგედია, რომელიც ჩემს ოჯახს დაატყდა თავს, მტერს არ ვუსურვებ! კახი კალაძე, თბილისის მერია, როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!
დეიდაჩემი (დედაჩემის და) მანანა დარახველიძე ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. არ შევაწუხო არავინო და ყინვასა თუ სიცხეში, იდგა თავის პატარა მაღაზიაში დღეში 20 ლარის გულისთვის! ოცნებად ჰქონდა წელიწადში ერთხელ მაინც ჩასულიყო რაჭის თავის პატარა სახლში და როგორც თვითონ იტყოდა, ფულს მაგისთვის აქუჩებდა მთელი წლის განმავლობაში! ერთი გაფრთხილება, ერთი პატარა შემორაგული ხის ბარიერი აგვაცილებდა ამ ტრაგედიას თავიდან!
როდემდე უნდა გვეშინოდეს სახლიდან გასვლის! სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი წავიდა დღეს სამსახურში და ახლა მორგში წევს! ვინც მიცნობს, „პანიკიორი“ ხარ, ყველაფრის გეშინიაო მეუბნებიან! დიახ, მეშინია ბავშვის მაღაზიაში გაგზავნის იმაზე ფიქრით, რომ არანორმალური სიჩქარით მომავალმა მანქანამ არ გადაუაროს, (რამდენიმე წლის წინ სახლში შემომივარდა მანქანა) მეშინია იმაზე ფიქრის, რომ ჩემი მშობლების 16-სართულიან სახლში ლიფტი არ ჩაწყდეს და კიდევ არ აფეთქდეს კორპუსში გაზი, რომლებმაც 2019 წელს კინაღამ მთელი ჩემი ოჯახი შეიწირა! დღეს კი ეს ტრაგედია!
იმაზე აღარ დავწერ, თუ როგორ გვეპყრობოდნენ ჭირისუფლებს, ნორმალურ ქვეყანაში ალბათ ჩემს 76 წლის დედას, რომელიც ცოცხალ-მკვდარი 7 საათიდან ბორდიურზე იჯდა, ათასი ფსიქოლოგ- რეაბილიტოლოგი დაეხვეოდა თავს ! ისინი კი ძაღლადაც არ გვაგდებდნენ ათასი ხვეწნის მიუხედავად რამე მაინც ეთქვათ ჩვენთვის! კახი, კარგია მილანში საშოპინგოდ სიარული, დეიდაჩემიც არ იტყოდა უარს, მაგრამ ხანდახან მაინც გაიარე ვაგზლის მოედნის მიდამოებში და ნახე ხალხი როგორ პირობებში მუშაობს ლუკმა-პურისთვის! და როგორც ჩანს, თავსაც სწირავს ამისთვის! სიცოცხლით სავსე ქალაქში ვცხოვრობთ არა?!” _ წერს მაია კობაიძე სოციალურ ქსელში
ცნობისთვის, 14 ივლისს სადგურის მოედანთან კორპუსის კარნიზის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მერიამ კორპუსის მოსახლეობა სასტუმროებში გადაიყვანა, საკრებულოს წარმომადგენელმა ნიკო კახეთელიძემ კი განაცხადა, რომ მოსალოდნელია კორპუსის დემონტაჟი.































































