ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მატჩზე მაყურებლის 33%-ის დაშვების შესახებ, ძალადაკარგულად გამოცხადდა. მაყურებელს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება.
მატჩზე დასწრებას შეძლებს მხოლოდ საბერძნეთის დელეგაცია, რომელიც უკვე ბათუმში იმყოფება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.
სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 9 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 გარდაცვლილია. ერთი ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს – კაცის მდგომარეობა რთულია, თუმცა – სტაბილური და სასიცოცხლო პარამეტრები რეგულირებადია.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.