“დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ უკრაინის დახმარების გაგრძელებას გეგმავს”, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ რესპუბლიკელების გუნდზე დაყრდნობით ავრცელებს, _ იუწყება 1tv.ge.
ამავდროულად, ბრიტანული გამოცემის წყაროების თანახმად, ტრამპი აპირებს, ნატო-ს წევრებს მოსთხოვოს თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზრდა.
როგორც მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა პირებმა ჟურნალისტებს უთხრეს, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მრჩევლებმა კონსულტაციების დროს ევროპელ მაღალჩინოსნებს ტრმაპის პოზიცია უკვე გააცნეს.
ამჟამად, ნატო-ს 32 წევრიდან მხოლოდ 23 ხარჯავს სამხედრო საჭიროებებზე მშპ-ს 2%-ს, ამ ხარჯების 5%-მდე გაზრდა მათ გაორმაგებაზე მეტს ნიშნავს.
ერთ-ერთმა ევროპელმა მოხელემ, რომელიც ტრამპის გეგმებს იცნობს, გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ ლაპარაკია ხარჯების „სამი ან მეტი პროცენტით გაზრდაზე“. მან დააზუსტა, რომ აშშ აპირებს ამ თემის განხილვას 2025 წლის ივნისში ჰააგაში დაგეგმილ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე.
„თეთრი სახლის მონაცემებით, 2024 წელს აშშ-ის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს დაახლოებით 3.1%-ს შეადგენს. ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის ბოლო წელს (2020 წელს) პენტაგონის ხარჯებმა 3.4%-ს მიაღწია“, – წერს „ფაინენშალ თაიმსი“.