საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და ამავე სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტრენინგების ციკლის ჩატარებას იწყებენ. მსგავსი ტრენინგი მიმდინარეობს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
სატრენინგო კურსი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის-შტამპისა და ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (MY.GOV.GE) ხელმისაწვდომი ელექტრონული სერვისების გამოყენების პრაქტიკული ასპექტების შესახებ.
„აღსანიშნავია, რომ ხსენებული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება საჯარო სექტორის მხრიდან გარკვეულ მომზადებას საჭიროებს, რაც გულისხმობს ტექნიკური მხარდაჭერის აუცილებლობას, ცნობიერების გაზრდას ამ სფეროში და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შესაბამის კომპეტენციას, რომელიც გარკვეულ დროსა და ძალისხმევას, ასევე საჯარო უწყების მხრიდან კოორდინირებულ მართვას მოითხოვს. სწორედ ამ პროცესის მიზანმიმართულად წარმართვისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონის იმპლემენტაციის პროცესის მხარდასაჭერად არის გამიზნული ტრენინგების ციკლის ჩატარება. ამასთან, „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ ახლახან ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (MY.GOV.GE) განახლებული ვერსია გაუშვა, რომელიც არაერთ ისეთ სერვისს აერთიანებს, სადაც საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენება“, _ თქვა ნიკოლოზ გაგნიძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარემ.