ზესტაფონის რაიონული სასამართლო თერჯოლაში, 11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს.
პროკურატურა მამის, ფრიდონ აბჟანდაძის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. საქმის მოსამართლე ზურაბ ბალავაძეა. დაცვის მხარეს ადვოკატი არ ჰყავს.
„ცამდე მართალი ვარ. მე და ჩემი ბიჭი ძმაკაცებივით ვიყავით. ეს რაც პროკურორმა თქვა, თურმე რეციდივისტი ვყოფილვარ. ისეთები თქვა, დასახვრეტი ვყოფილვარ”, – განაცხადა ბრალდებულმა ფრიდონ აბჟანდაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით გარდაცვლილის მამა – 1971 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.