2-დღიანმა გადაუღებელმა თოვამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს.
ქარმა და თოვლმა წააქცია ელექტროგადამცემი ბოძები და დააზიანა სადენები. შეფერხდა მოძრაობა სურების და ბახმაროს მიმართულებით.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და მიმდინარეობს აღრიცხვა.
“მოსახლეობისგან ძირითადი მომართვიანობა უგზოობასა და უშუქობას ეხება. მთელი დღის განმავლობაში არ შეჩერებულა სამუშაოები. ოზურგეთიდან ამოვიყვანეთ დამატებითი ტექნიკა და ამჟამად მიმდინარეობს სურების და ზოტის მიმართულებით გზის გაწმენდა. ვხსნით ყველა გზას.
ამ დროისთვის შუქის გარეშე რჩება მაღალმთიანი სოფლები. წაქცეულია ბოძები, დაწყვეტილია სადენები, თუმცა, ბრიგადები აქტიურად მუშაობენ და მალე აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.
რაც შეეხება ზარალს, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და მიმდინარეობს აღრიცხვა”, _ გვითხრა დავით შარაშიძემ.