ოზურგეთში, დოლიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, ღონივრად ვარჯგაშლილი ლეღვის ხის ტოტები, სანახევროდ ქუჩაშია გადმოწეული და ტროტუარზე გამვლელ-გამომვლელს შინაურივით „ეგებება“.
ოჯახის მეპატრონეს, თენგო თედორაძეს , ძალზე დელიკატური ჟესტი მოუფიქრებია და ერთ-ერთ ტოტზე ლამაზი კალიგრაფიით შესრულებული აბრა ჩამოუკიდია: „მიირთვით, ყველას გვეყოფა“. იქვე, მეორე ტოტზე ჰკიდია თხილის ღეროსგან გამოთლილი, გურულების საყვარელი „მოსაწონიებელი კაკვი“.
_მიირთვით, თქვენც მიირთვით, _ გვთხრა მან. ეგონა, ლეღვის მოკრეფა გვინდოდა, _ ბავშვები დადიან ქუჩაში და მინდა, განსაკუთრებით, მათ არ მოერიდოთ და ჭამონ. მართლა ყველას გვეყოფა…
საყოველთაოდ ცნობილია ლეღვის სიმბოლური დატვირთვა მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში.
თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განსხვავებული, (ალბათ, ყველაზე ორიგინალური, ) ხიბლი აქვს გურულ ჟესტს _ განცხადება გამოაკრას ქუჩაში გადმოწეულ ტოტებზე და პიკანტურ ხილზე ალალად მიიპატიჟოს ყველა გამვლელ-გამომვლელი.
[sexy_author_bio]