ხალხმრავლობაა ამ წუთებში სუფსაში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი იმყოფებიან.
საქმე ისაა, რომ სუფსაში მცხოვრები ჭანტურიების ოჯახი სახელმწიფოს მათი კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთის ძალადობრივ მითვისებაში სდებს ბრალს.
„ვის არ მივმართეთ დახმარებისთვის, მაგრამ არავინ ცდილობს, დაიცვას ჩვენი ოჯახის ინტერესები. გამოდის, რომ სახელმწიფო 592 კვმ–ს მიწის ნაკვეთს ძალადობრივად გვართმევს. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჩვენი კუთვნილი 4805 კვმ. მიწის ნაკვეთიდან მხოლოდ 592 კვმ. მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა მოითხოვა, რაც ავტობანისთვის სჭირდებათ. რახან ჩვენ ამას არ ვთანხმდებით, ახლა ცდილობენ, ძალის გამოყენებით შემოვიდნენ ჩვენს კუთვნილ ნაკვეთზე და სამუშაოები აწარმოონ, ამას არ დავუშვებთ “, _ ამბობენ ჭანტურიები, რომლებსაც წლებია, საკუთარ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე სანერგე მეურნეობა აქვთ გაშენებული და თავს სწორედ ამ საქმიანობით ირჩენენ. თუმცა, როგორც თავად ჰყვებიან, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო, პრობლემები შექმნათ. ირკვევა, რომ ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მეოთხე ლოტზე ავტობანის მშენებლობა სწორედ ჭანტურიების ზემონახსენებ მიწის ნაკვეთზე გადის.
აქციაზე შეკრებილები ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სამუშაოების მწარმოებელი ჩინური კომპანიის წარმომადგენლის ადგილზე მისვლას ელოდებიან.