ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან პოსტი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
გთავაზობთ ტექსტს სრულად:
“ყველა ჩემს გულშემატკივარს გიდასტურებთ, რომ პირადი გადაწყვეტილებით, დღეიდან უკვე ოფიციალურად აღარ ვარ ცესკოს თანამშრომელი.
ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რაღა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი, შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში.
მადლობა მინდა გადავუხადო თანამშრომლობისთვის ჩემს თითოეულ კოლეგას, პარტნიორს, ჟურნალისტს, ადამიანებს, რომლებთანაც მაკავშირებს მრავალი წლის საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობა”, – წერს ანა მიქელაძე.