ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღეს მაყურებელმა ნახა ორი სპექტაკლი -აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის „წერილი ნაძვებს“, გოდერძი ჩოხელის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით (რეჟისორი – ნიგარ გულაჰმადოვა) და ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დადგმა – „ სოფელსა შინა“, მიხეილ ჯავახიშვილის პიესის „შერცხვენილნი“ მიხედვით (რეჟისორი -ალექსანდრე ქანთარია) .
ფესტივალის მიზანი ნოდარ დუმბაძისა და საერთოდ ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაა. აზერბაიჯანის ეროვნულმა თეატრმა გაითვალისწინა ფესტივალის სპეციფიკა და წარმოადგინა ქართული პროზის ინტერპრეტაცია აზერბაიჯანული აქცენტებით. მნიშვნელოვანია ის, რომ აზერბაიჯანელი ძმები, რომლებიც განსხვავებული კულტურისა და რელიგიის წარმომადგენლები არიან, სპექტაკლში იყენებენ ქართულ საეკლესიო საგალობლებს, ქართულ ხალხურ მუსიკას, რაც უდიდესი პატივისცემის გამოხატულებაა ქართველებისადმი. აღსანიშნავია ისიც, რომ მსახიობების გარკვეულ ნაწილს აზერბაიჯანული ეროვნული სამოსი ეცვათ. აღნიშნული გადაწყვეტით, მხატვარ სამირა ჰასანოვას იმის თქმა სურს, რომ ჩვენი ქვეყნის კულტურები განსხვავების მიუხედავად, ენათესავებიან ერთმანეთს.
გოდერძი ჩოხელის მოთხრობა და აზერბაიჯანის ეროვნული თეატრის სპექტაკლი ერთგვარი იგავია იმაზე, რომ ბუნება და ადამიანი განუყოფელია. ელშან რუსტამოვის ბერი არის ადამიანი, რომელსაც აქვს უზარმაზარი გული აქვს და მისთვის ნაძვი ისეთივე ცოცხალი არსებაა, როგორიც ადამიანი. ამიტომაც იგი მზადაა საკუთარი სიცოცხლე გასწიროს იმისათვის, რომ ნაძვმა იხაროს.
შესაძლოა, სპექტაკლი არ გამოირჩევა მაღალმხატვრულობით, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგრძნობა უზარმაზარი პატივისცემა ქართველებისადმი. ასევე, ნიგარ გულაჰმადოვას დადგმა გამოირჩევა ანსამბლურობით.
მადლობას ვუხდით სამსახიობო ანსამბლს – ელშან რუსტამოვს, ალმაზ ამანოვას, დილარა ნაზაროვას, აიშად მამედოვს, რუსტამ რუსტამოვს, ლალა სელეიმანოვას, ელნურ გადიროვს და მთელ შემოქმედებით გუნდს გაწეული შრომისთვის.
გადავინაცვლოთ ოზურგეთის თეატრის დიდ დარბაზში, სადაც მაყურებელმა იხილა ალექსანდრე ქანთარიას სპექტაკლი „სოფელსა შინა“. რეჟისორი ჯავახიშვილის პიესას „შერცხვენილნი“ პირველად არ დგამს, 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დადგა თავის სტუდენტ მსახიობებთან ერთად.
სპექტაკლში დიდ ყურადღებას იქცევს გოგლა გოგიბერიძის მხატვრობა , რომელიც ქმნის დადგმაში ასახული ეპოქის ატმოსფეროს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სცენოგრაფია უბრალოდ კი არ გვიქმნის გარკვეულ ფონს, არამედ მეტყველებს. ყოველივე მკაფიოდ ჩანს ფინალში, სადაც ელენე (თამარ ბოლქვაძე) თეთრ ზეწარში გახვეული, სარეცხის თოკით თავს ჩამოიხრჩობს და ეკლესიის კედელზე წმინდა ნინოს ხატი ჩნდება.
მიხეილ ჯავახიშვილის „შერცხვენილნი“ არაა მწერლის გამორჩეული ნაწარმოები, შესაბამისად, ყოველივე აისახა სპექტაკლზე, თუნდაც იმ კუთხით, რომ რეჟისორი მკაცრად მიჰყვებოდა ტექსტს და ბევრი პერსონაჟის მხატვრული სახე სქემატური იყო, მაგრამ გამოვარჩევდი მამუკა მანჯგალაძისა და დავით ჯაყელის შესრულებას. მსგავსი ხასიათის სპექტაკლში თამაშისას არსებობს პათეტიკურობის საშიშროება, მაგრამ ორივე მსახიობმა დაიცვა „ოქროს შუალედი“ და ყოველგვარი „გადამლაშების“ გარეშე შეძლეს თავიანთი პერსონაჟების გრძნობათა ბუნების გაშიშვლება. მამუკა მანჯგალაძის შალვა პროტაგონისტად გვევლინება. იგი ის ადამიანია, რომელსაც მერყეობის მიუხედავად უყვარს თავისი სამშობლო. ხოლო დავით ჯაყელის ქაიხოსრო ანტაგონისტია. სამწუხაროდ, ქაიხოსროსნაირი მოღალატეები ჩვენს ქვეყანაში მრავლად მოიძებნებიან.
წარმატებებს ვუსურვებთ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შემოქმედებით ჯგუფს!
ანასტასია ჩერნეცოვა