29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა ამოიწურა. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ 1 312 ვაკანტურ ადგილზე სულ 1 347 განაცხადი დარეგისტრირდა.
„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში 11-14 მარტს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო რეფორმის შესაბამისად წელს პირველად საოლქო საარჩევნო კომისიები აირჩევენ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებსაც.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის. გვინდა შევახსენოთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს, რომ შესაბამის სხდომებზე დასწრების უფლება მოგეცემათ მხოლოდ აკრედიტაცია/რეგისტრაციის გავლის შემდგომ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დროულად გაიარონ რეგისტრაცია და აქტიურად დააკვირდნენ როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევას, ასევე სხვა საარჩევნო პროცედურებს, რაც მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობისათვის.
მივმართავთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, ხელი შეუწყონ შესარჩევი კონკურსის კანონმდებლობის შესაბამისად და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით წარმართვას. ყველა უფლებამოსილ პირს მისცენ შესაძლებლობა, გაეცნონ საკონკურსო დოკუმენტაციას, დაესწრონ და თვალი ადევნონ აღნიშნულ პროცესს. ასევე, კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმების გარდა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ცესკოს მიერ შემუშავებული სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმებიც, როგორიცაა: პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა“, – აცხადებენ ცესკოში.