დღეს კვირაა და ჩვეულებისამებრ, ჩოხატაურის აგრარულ ბაზარში საკვირაო ვაჭრობა იმართება.
“გურია ნიუსი” ბაზარში იმყოფებოდა და ფასებს გადახედა, რომელიც, როგორც მომხმარებლები და მოვაჭრეები ამბობენ, კიდევ უფრო გაზრდილია, ვიდრე წინა კვირას იყო.
“რა უნდა ვიყიდო, რის ყიდვას შეძლებს ადამიანი, ბულგარული წიწაკა 3 ლარნახევარი ღირს, პომიდორი _ 2. წამოვედი, ვიფიქრე, იქნება, ზამთრის კონსერვისთვის რამე ვიყიდო-მეთქი, მაგრამ რას შეძლებ. ცეცხლი უკიდია ბაზარს, ცეცხლი. სულს უხუთავენ ისედაც გამწარებულ ადამიანებს”, _ გვეუბნება მარინე ზირაქაშვილი.
დღეს ჩოხატაურის აგრარულ ბაზარში ფასები ასე გამოიყურებოდა: ყველი 15-16 ლარი ღირდა; ხორცი, უკვე დიდი ხანია, 18 ლარი ღირს; 1 კგ სიმინდი 1.5 ლარი; 1 კგ სიმინდის ფქვილი _ 5 ლარი; ბადრიჯანი _ 2 ლარი; ვაშლის ფასი 2-დან 4 ლარამდე მერყეობდა; ქლიავი _ 2 ლარი, 2.5 ლარი ღირდა კომში.