“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, კახა ასკურავას ინფორმაციით, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს, საარჩევნოდ ხმების მოტანა დაავალა:
“უშუალოდ წილოსანმა, სკოლამდელი საამღზრდელო ცენტრის ხელმძღვანელს 1000 ხმა მოსთხოვა, რომელიც თანამშრომლებიდან უნდა მიიტანოს; ასევე დავალება მიიღეს პედაგოგებმაც _ რესუსრცენტრს 1000 ხმა აქვს მოსაგროვებელი. ამ ყველაფრის აღსრულებაზე და სიების მიტანაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა უნდა იზრუნონ”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ასკურავამ.
მისივე თქმით, წილოსანი ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს გასულ პარასკევს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეხვდა და დაემუქრა კიდეც:
“იმ შემთხვევაში თუ ვინმე არ შეასრულებს ამ დავალებას დაკარგავენ სამსახურებს”, _ ამბობს ასკურავა.
ასკურავას ბრალდებებს უარყოფს ნინო წილოსანი. დეპუტატის თქმით, დღევანდელ საქართველოში არჩევანის თავისუსუფლება სრულიად დაცულია:
“ბატონ ასკურავას, როგორც ჩანს, ისევ ნაცების დრო ჰგონია.
დღეს ქვეყანას დემოკრატიული ხელისუფლება ჰყავს და თუ არ გინდათ, ის დრო დაბრუნდეს, რომელიც სიყალბითა და ძალადობით იყო სავსე და მხოლოს ესეთი დირექტივებით იმართებოდა.
ამიტომ გთხოვთ, სწორი არჩევანი გააკეთეთ. ასკურავამ კი ილაპარაკოს, რაც უნდა. ხალხმა იცის, რომ ხმის მიცემა მშვიდ გარემოში უწევთ და მათი არჩევანის თავისუფლება სრულიად დაცულია“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნინო წილოსანმა.