დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ელჩი რუსეთში ზნაურ გასიევი აცხადებს, რომ “საქართველოსთან ძალის არგამოყენების შეთანხმების საკითხი ახალ გეოპოლიტიკურ პირობებში უნდა დაიძრას მკვდარი წერტილიდან”.
„ამ საკითხს მხოლოდ აფხაზეთი კი არა, არამედ სამხრეთ ოსეთიც აყენებს. ჩვენ გვქონდა არაერთი რაუნდი ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში. თუმცა, საქართველო ამ დოკუმენტს ჯერ არ აწერს ხელს. ვფიქრობ, დღევანდელი სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებების გათვალისწინებით – და მსურს, რომ ეს ცვლილებები დადებითი იყოს – ეს საკითხი უნდა დაიძრას ადგილიდან,“ – ამბობს გასიევი.
ამასთან, ცხინვალის წარმომადგენლის თქმით, საქართველოს სტრატეგიული კურსი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ არ იქნება „პოზიტიური ფაქტორი“:
„არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო ქართველი ხალხისა და მთავრობის სურვილზე, გაწევრიანდნენ რომელიმე ბლოკში, მაგრამ ჩვენთვის ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიური ფაქტორი არ იქნება თანაარსებობისთვის. სამხრეთ ოსეთი ცხოვრობს “რუსულ სამყაროში”, მისი ნაწილია და არსად წასვლას არ აპირებს”.
წყარო: ბათუმელები