ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მიმდინარე წელს კომუნალური გადასახადების კუთხით სუბსიდირება შენარჩუნდება, თუმცა ეს მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებს შეეხება. მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს ყველაზე დაუცველ სოციალურ ფენას, არაპანდემიურ პერიოდში, დენის ტარიფის სუბსიდირება არამიზანშეწონილად მიაჩნია.
„მოგეხსენებათ, სუბსიდირების ნაწილში გადაწყვეტილება, მათ შორის ელექტროენერგიის ტარიფზე, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე იყო მიღებული. კიდევ იმის გამო, რომ ელექტროენერგიის ტარიფები გაიზარდა. სხვა პირობებში, როცა მოსახლეობის ყველა ფენისთვის ტარიფის სუბსიდირებაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის სწორი. შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მიზნობრივ ჯგუფებზე და გარანტირებულად გეუბნებით, რომ სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება, ხოლო მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს ყველაზე დაუცველ სოციალურ ფენას, არაპანდემიურ პერიოდში დენის ტარიფის სუბსიდირება არამიზანშეწონილად მიმაჩნია“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.