„მთავარი არხის” ჟურნალისტ ვლადიმერ მენაბდეს პროფესიონალური საქმიანობის შესრულების დროს სცემეს, ხოლო მის ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს კამერა დაუზიანეს.
მანუჩარ მჟავანაძის თქმით, ისინი რეპორტაჟის მომზადებას აპირებდნენ სოფელ სუფსაში, რომლის დროსაც სამი ადამიანი მათ ფიზიკურად გაუსწორდა:
„ამ წუთებში მოვიდა პოლიცია და დეტალებზე ახლა ვერ გესაუბრებით. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ სამმა ადამიანმა სცემა ლადო მენაბდეს. მეც მომხვდა ხელი და დააზიანეს „მთავარი არხის” ტექნიკა”. – გვითხრა მანუჩარ მჟავანაძემ.
თავდაპირველად მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, კახა ასკურავამ გაავრცელა:
„როგორც სოფ.სუფსიდან მატყობინებენ, ამავე სოფლის ცენტრში, სადაც მთავარი არხის ჟურნალისტი ლადო მენაბდე და მისი ოპერატორი იყვნენ ჩასულები გადაღებაზე, მოხდა თავდასხმა ორივეზე. თავად ლადო მენაბდე არის ნაცემი.
ჩემი ინფორმაციით, მასთან დაკავშირებას ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ” – წერს კახა ასკურავა ფეისბუქზე.
„გურია ნიუსი” დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა შსს-ს პრესსამსახურს და მის კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.