დღეს, 27 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი განიხილეს, ბოლო შესწორებები შეიტანეს და დაამტკიცეს. სხდომას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია “Post-ალიონის“ წარმომადგენლობა, რომელიც მუშაობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ მხარდაჭერილ პროექტზე “წმინდა წყალი!“ პროექტის მიზანია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხუთ საპილოტე სოფელში სასმელი წყლის ვარგისიანობის დადგენის მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაითვალისწინონ წყლის გასინჯვის ხარჯები.
მანამდე, ორგანიზაციამ, დონორთან ერთად, 3 დეკემბერს მოწყო შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და გააცნო კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის ვარგისიანობა ეჭვქვეშ დგას და ამის შესახებ მოსახლეობა, პრაქტიკულად, ინფორმაციას არ ფლობს. ამ შეხვედრაზე, ორგანიზაციამ მხარდაჭერა სთხოვა მმართველი ფრაქციის დეპუტატებს, რათა საკრებულოს მხარდაჭერით, ბიუჯეტის დამტკიცებისას, ხუთ სოფელში სასმელი წყლის ვარგისიანობის დასადგენად საჭირო ხარჯები ბიუჯეტის შესაბამის მუხლში შეეტანათ და ხარჯი დაემტკიცებინათ.
“Post-ალიონმა“, ასევე, წინასწარ მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას ბიუჯეტში გაეთვალისწინებინა ეს ხარჯები.
_ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წყლის ვარგისიანობის დასადგენად საჭირო ხარჯების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახვას მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭიროს – მმართველი პარტიის წარმომადგენელი იქნება თუ ოპოზიციონერი, რადგან მოსახლეობის ვარგისი სასმელი წყლით მომარაგება ახლანდელი და მომავალი ადგილობრივი ხელისუფლების, სახელმწიფოს ვალდებულებაა და სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი! თითქოს, მარტივი ჭეშმარიტებაა – გვინდა წყალი, თანაც სასმელად ვარგისი, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში, გურიაში, ჩოხატაურში, ძალიან ბევრი სოფლის მოსახლეობა საერთოდ უწყლოდაა დარჩენილი, ხოლო სადაც წყალი მოდის, არავინ იცის, სასმელად ვარგისია თუ არა, _ თქვა სხდომაზე საკითხის გაჟღერებისას პროექტის ხელმძღვანელმა ია მამალაძემ, რომელმაც დეპუტატებს პროექტის მნიშვნელობა, მიზნები, ამოცანები და გაწეული მუშაობის შედეგები მოკლედ გააცნო და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
საკრებულოს წევრებმა ოპოზიციური ფრაქციებიდან ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების დეტალურად გაცნობის სურვილი გამოთქვეს, რადგან მიაჩნიათ, რომ საკითხი უმწვავესია და ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას შეეხება. სხდომაზევე დაიგეგმა შეხვედრის მიახლოებითი დრო და ფორმატი. რაც შეეხება ბიუჯეტში ხუთ საპილოტე სოფელში წყლის ვარგისიანობის დადგენისთვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებას, რომელიც ჯამურად, 3 000 ლარს შეადგენს, საკრებულოს სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი და ეს ხარჯი მუნიციპალიტეტის ბიუჯტში აისახა.