სინოპტიკოსები საქართველოში წვიმას, თოვლს, ღამის საათებში ყინვას ელოდებიან.
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსი, სვეტლანა ნიორაძე ესაუბრა.
„დღეს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი, ზოგან წვიმის და ზოგან თოვლის სახით. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +5, +10 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +5 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექია, უმეტესად მოსალოდნელი 30 და 31 იანვარსაც, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +5 +10 გრადუსის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში +3 +8 გრადუსია მოსალოდნელი.
1 თებერვალს ღამით დასავლეთ საქართველოში -2 გრადუსამდე შეიძლება დაეცეს ტემპერატურა, აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -7 გრადუსამდე. ხოლო თბილისში -2, -3 გრადუსი იქნება.
2 თებერვლიდან გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი“, _ ამბობს ნიორაძე.
მისივე თქმით, 3 თებერვლიდან, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს.
„3 თებერვლიდან ტემპერატურა მოიმატებს, დასავლეთ საქართველოში +18 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში +15 გრადუსამდე“, _ განაცხადა ნიორაძემ.