ქობულეთში, სოფელ წყავროკაში მცხოვრები ოჯახი დახმარებას მეორე დღეა უშედეგოდ ითხოვს. ანანიძეები ამბობენ, რომ წვიმის შედეგად სახლის ერთი ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც ოჯახის წევრები ნათესავებთან არიან გახიზნულები. სოციალურად დაუცველები გვიყვებიან, რომ დახმარების მიზნით მერიაში რეკავენ, თუმცა მათ არავინ პასუხობს.
“სახლის ნაწილი ჩამოინგრა, წვიმა ჩამოდის, სიცივეში ვართ და ყურადღებას არავინ გვაქცევს. ვრეკავთ და არავინ გვპასუხობს მერიაში, რა გავაკეთოთ არ ვიცით,” – თქვა ჩვენთან საუბრისას თეონა ივანაძემ.
ოჯახის ინფორმაციით, ქობულეთის მერია მათ ეზოში სახლს უშენებს, თუმცა სამუშაოები რამედენიმე თვეა, რაც შეჩერებულია. მიზეზი მათთვის უცნობია.
“მეორე წელია გვიშენებენ სახლს, მაგრამ მშენებლობა არ სრულდება. გვატყუებენ, დღეს მოვალთ, ხვალ მოვალთ და ასე გადის დრო. მერია არც კი კითხულობს რა ხდება ადგილზე. სახლში გვყავს მოხუცები, რომლებიც ნათესავებთან გადავიყვანეთ, გაუსაძლისია ასეთ პირობებში ცხოვრება,” – ამბობს თეონა ივანაძე.
წყარო: აჭარათაიმსი