“ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” ექსპერტის ლუკ კოფი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ახალ სტრატეგიას სთავაზობს. სტრატეგიის მთავარი პუნქტი ალიანსში წევრობის შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი მეთოდით აღდგენამდე, მე-5 პუნქტის მოქმედების შეჩერებას გულისხმობს
როგორ შეიძლება შეფასდეს ეს სტრატეგია _ ამ საკითხთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძეს ესაუბრა.
,,ვფიქრობ, თუ ჩვენ ამ ნაბიჯს გადავდგამთ, რუსეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ავტომატურ რეჟიმში შეიყვანს საკუთარ ფედერაციაში. ამ ნაბიჯით, საბოლოოდ დასრულდება ფიქრი იმაზე, რომ როდესმე საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებს დავიბრუნებს. კი, ბატონო, თუ გვინდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვა გადავდგათ ეს ნაბიჯი და რა შედეგს მომტანი იქნება, ყველასთვის ნათელი გახდება. ნატოში შესვლაზე თუ არის საუბარი, ეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით უნდა მოხდეს, სხვაგვარად, აბა, რა აზრი აქვს? სწორედ, იმიტომ მივისწრაფვით ნატოში, რომ ქვეყანა დაცული იყოს. ჩვენი სამშობლოს მთავარი ფუნქცია ეროვნული ინტერესებით მოქმედებაა. თუ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე არ ვიზრუნეთ, რაზე ვიზრუნოთ საერთოდ? საერთაშორისო ვალდებულებების აღებას შესრულება სჭირდება. ბევრჯერ შემთხვევა ყოფილა იმისა, რომ ქვეყნებს საერთაშორისო ვალდებულებები აუღიათ და შემდეგ ხელი აღარ გაუნძრევიათ“ ,- გვითხრა მჟავანაძემ.