საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობას უწოდებს. განცხადება ირაკლი კობახიძემ, საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გააკეთა.
კობახიძე ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილების მიღებისას ანგარიში პრეზიდენტის პოზიციას გაუწია და თუ თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება კვლავ შეიცვალოს პოზიცია და მომავალ წელს პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით აღარ ჩატარდეს.
„რაც შეეხება იმას, რომ თითქოს პრეზიდენტის დახმარებით ჩვენ იძულებულები გავხდით, საზოგადოებამ გვაიძულა, რომ გადავსულიყავით არაპირდაპირი არჩევნების წესზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომავალ წელს პირდაპირი არჩევნები ჩატარდებოდა, აქ ჩვენ სრულიად სხვა მოვლენებთან გვაქვს საქმე. ჩვენ კიდევ ერთხელ ანგარიში გავუწიეთ ძალიან ბევრ რამეს.
სისტემური მიდგომიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევაზე გადავიდეთ და ეს ეფუძნება იმ სისტემის საერთო ხედვას, რომელიც წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიციიდან. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ეს პოზიცია წარმოვადგინეთ, (ანუ ჯერ პირდაპირი და შემდეგ არაპირდაპირი არჩევნები), იყო ის, რომ მათ შორის, ჩვენ პრეზიდენტის პოზიციასაც გავუწიეთ ანგარიში.
პრეზიდენტის პოზიცია იყო ის, რომ მისი შეხედულებით, ჯობდა ჩვენ მომავალ წელს არ გაგვეუქმებინა პირდაპირი არჩევნები. ჩვენ ანგარიში გავუწიეთ პრეზიდენტის ამ პოზიციასაც და ესეც საფუძველი იყო იმისა, რომ არჩევანი შევაჩერეთ ორსაფეხურიან რეფორმაზე.
თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში, შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვაზე და შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე. სხვა განცხადების გაკეთება მე პრეზიდენტის ამ არაკორექტულ განცხადებასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შემეძლო“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის მიერ არა კონსტიტუციის შინაარსობრივ გადახედვასთან გვაქვს საქმე, არამედ საუბარია კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაზე.
pirveliradio.ge