პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ,,გუნია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ გირგვლიანის მკვლელების საქმეზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის გარდა, მოსამართლე ლევან მურუსიძესაც აკისრია, რადგან, მისი თქმით, მურუსიძემ დამნაშავეებს, ყოფილი პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, სასჯელი კიდევ უფრო შეუმცირა. როგორც პოლიტოლოგი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ აგო სამართლებრივად პასუხი მოსამართლე ლევან მურუსიძემ, მაშინ, როცა მას სანდრო გირგვლიანის მკვლელების უკანონოდ გათავისუფლების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის.
,,სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ მთელმა სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული, პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან დაწყებული და სისხლის სამართლებრივი დევნით დამთავრებული. რა თქმა უნდა, დანაშაულზე პასუხისმგებელია ის დიდი სისტემა, რომლის სათავეში მიხეილ სააკაშვილი იდგა. ის, რომ გირგვლიანის მკვლელები მსუბუქად გადარჩნენ და ციხიდან გამოვიდნენ, სააკაშვილის ბრალია, მაგრამ ამ საქმეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ხელი არ ურევია. სააკაშვილმა შეწყალებით გაუნახევრა გირგვლიანის მკვლელებს განაჩენი და მოსამართლე მურუსიძემ მათ კიდევ უფრო შეუმცირდა სასჯელი, ამით კი საფუძველი შეიქმნა, რომ დამნაშავეები დროზე ადრე გათავისუფლებულიყვნენ. სამეტაპიან დანაშაულთან გვაქვს საქმე. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიჩნდება კითხვა: თუ სააკაშვილი გასამართლდა მურუსიძე რატომ გვიზის სასამართლოში? მურუსიძე, მინიმუმ, თანამონაწილეა ამ დანაშაულის. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ დანაშაულზე, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთმა მკვლელმა მეორეს გამოუტანოს განაჩენი? რატომ არ უზის სააკაშვილს მურუსიძე გვერდიღ? უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა არსებობს.
რაც შეეხება სააკაშვილის ექსტრადირებას, საქართველოში გამოტანილი განაჩენი ექსტრადირების საფუძვლებს უფრო ამყარებს, მაგრამ რა მოხდება, ძნელი სათქმელია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, _ ამბობს ხუხაშვილი.