ოზურგეთში, „სავალუტო ბირჟად“ ცნობილ მოედანზე, რომელიც სახელდებით ჭანტურიას ქუჩაა, ყოფილი „მუსიკალური ფანტანების“ სივრცე, დღესდღეობით (და უამრავი წელია , ასე ხდება), ტუალეტად არის ქცეული.
გურიის ქუჩიდან იოანე პეტრიწის ქუჩაზე გადასვლა, აქ, შესაძლებელია კაფე „იზაბელას“ მხარეს მდებარე კიბეებით. ეს სივრცე მთლიანად ტუალეტად არის ქცეული.
_მოვკვდით ხალხი, აქ განლაგებულ ობიექტებზე ვინც ვმუშაობთ. ასევე , ქუჩაში და მოედანზე მოსიარულე ადამიანებსაც, ვინც ქალაქში გადაადგილდება, ბოდიში და შარდის სუნი ცხვირპირს და თვალებს წვავს. სირცხვილი არაა, კაცო, ეს ამბავი? აქ ცენტრალური ადგილია, ხალხო, ეს რა უბედურება გვჭირს?! ამდენი წელია, ასე ამტანები როგორ გავხდით? 30 წელია, აქ, კედლებზე მიფ..მა ვერ მოაშლევინეს ხალხს, _ ამბობენ რიგითი აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ დასაქმებული ოზურგეთელები.
აქ გამვლელები, ნონა დარჩია, თეო ლომჯარია, ვახო ქავთარაძე და სხვები „გურია ნიუსთან“ ამბობენ, რომ ქალაქში ტუალეტი არ არსებობს და ეს ყველაფერი ამის ბრალიცაა.
_ ბაზარში ტუალეტი ფასიანია. 20 თეთრის გადახდა ეზარებათ და აქ ამოდიან. მიაფ…მენ და წავლენ. ყარს აქაურობა, _ ამბობენ მოშორებით, სხვადასხვა ბოსტნეულით მოვაჭრეები, რომლებიც იოანე პეტრიწის ქუჩის ერთ-ერთ კუთხეში დგანან.
ისინი ასევე ამბობენ, რომ ტაქსის მძღოლებსაც აქვთ ეს ადგილები ტუალეტად ქცეული, რადგან, აქვეა „სტაიანკა“ და მთელი ღამე რომ დგანან, ტუალეტი სჭირდებათ…
„გურია ნიუსი“ გასულ წლებში არაერთხელ წერდა ამ მარად მოუგვარებელ პრობლემაზე.
ამჯერად ჩვენ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, გენო კიშინსკის ვთხოვეთ კომენტარი.
_მე რა გითხრათ? იქ არის კერძო საკუთრება. სასადილო „იზაბელას“ მეპატრონეს ეკუთვნის ის ასასვლელი კიბეებიც, სადაც ეს მდგომარეობაა. კერძო საკუთრებაა და შეუძლიათ დაკეტონ, _ გვითხრა მან.
თუმცა, ტუალეტად აქ უფრო დიდი სივრცეებია ქცეული. თან კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტების მეპატრონეები პირიქით ამბობენ: როცა კონკრეტული კიბის გადაკეტვა გადავწყვიტეთ, გვისაყვედურეს, რომ ეს მუნიციპალური სივრცეაო.
ამ მარად მოუგვარებელი პრობლემის თაობაზე, როცა ქალაქის ცენტრალურ ადგილი ტუალეტად არის ქცეული და ყველას გასაკვირად, მოგვარება არ ხერხდება, მალე ვრცლად შემოგთავაზებთ.
ავტორი