თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი “ნამახვანჰესის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. დიპლომატი აღნიშნავს, რომ მიესალმება ყველა გადაწყვეტილებას და განცხადებას, რომელიც პროცესის გამჭვირვალეობას უწყობს ხელს.
“ეს პროექტი შენდება საქართველოსა და ქართველებისთვის და ის ვერ აშენდება ქართველების წინააღმდეგ. მივესალმები, რომ მთავრობა მუშაობს ნდობის აღდგენაზე და დიალოგი აქვს ადამიანებთან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჰიდროელექტროსადგურების და განსაკუთრებით ამ პროექტის (ნამახვანჰესის) მშენებლობას. მთავრობას, თურქულ-ნორვეგიულ კომპანია ენკასა და პროექტის მოწინააღმდეგეებს შორის უნდა შედგეს ცივილური დიალოგი. ვფიქრობ, ეს ცოტა დაგვიანებულია, თუმცა, პროცესი დაწყებულია, რაც კარგია. ყველაფერთან ერთად მოხარული ვარ, რომ დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რომელიც მიმართული იყო ჩემი ქვეყნის – თურქეთის წინააღმდეგ, თანდათანობით ქრება.
კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო არამხოლოდ ხელისუფლების ან კომპანიის მხრიდან, არამედ აქ უნდა ყოფილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებსაც დღეს აქვთ კითხვები ამ პროექტზე, ბევრი წლის განმავლობაში, როცა პროექტის განვითარება ხდებოდა, ისინი არ აქტიურობდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიახ, იყო გარკვეული ჩავარდნა კომუნიკაციაში და მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ ვინმე კონკრეტულს დავადო ხელი, ან იმ ადამიანს, ან იმ ხელისუფლებას. მესმის, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სხვა საზრუნავიც იყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, კომუნიკაციისა და ინფორმაციის ნაწილი თარგმანში დაიკარგა”-აღნიშნავს ელჩი.
მისი თქმით, ნამახვანჰესის გარშემო განვითარებული მოვლენებმა გააჩინა კითხვები თურქ ინვესტორნებში, თუ რამდენად ღირს საქართველოში ინვესტირება.
“ინვესტორები უკვე მისვამენ შეკითხვებს და მე ვარწმუნებ მათ, რომ დეზინფორმაცია და პროპაგანდა ძირითადად საქართველოს ფარგლებს გარედან მოდის და რომ აქ არის მეგობრული გარემო თურქი ბიზნესმენების მიმართ. გულწრფელი რომ ვიყო, მინდა ყველას შეგახსენოთ 2008 წლის ომის დროსაც კი თურქ ბიზნესებს არ დაუტოვებიათ საქართველო და გააგრძელეს ქვეყანაში შემოსვლა ახალი პროექტებით. ისინი აგრძელებენ შემოსვლას, თუმცა ამას მუდმივი ძალისხმევა სჭირდება. მე დღესაც ვხედავ ფეისბუქში ახალ გვერდებს, რომლებიც გიჟურ იდეებს, სპეკულაციებს ავრცელებენ. სწორედ ამიტომ მინდა გითხრათ, რომ არავინ აპირებს მოიპაროს რიონის წყალი თურქეთისთვის, ეს საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეა და საქართველოს ეკუთვნის. თურქული კომპანიები ინვესტიციებს დებენ ბალკანეთის, ცენტრალური აზიის ქვეყნებში და ისინი შეინარჩუნებენ კიდეც ინტერესს”-აცხადებს დიპლომატი. (R)