2017 წლის 7 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლო ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის განხილვას იწყებს. საქმე ეხება 2016 წლის იანვარში, თურქეთის ტერიტორიაზე მომხდარ მკვლელობას, რომელშიც საქართველოს მოქალაქე ა.ო. არის ბრალდებული.
წარდგენილი ბრალის თანახმად, ა.ო.-ს ბრალად ედება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის, ჯგუფურად, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.
სასამართლოს ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან შეირჩა 14 ნაფიცი მსაჯული. დღევანდელ სხდომაზე, განისაზღვრა 12 ძირითადი და 2 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ მართლმსაჯულებას.
მათივე ცნობით, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია.
სასამართლოს ცნობით, ნაფიცი მსაჯულების უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიო ჩაწერა და ეთერში გადაცემა უნდა განხორციელდეს ნაფიც მსაჯულთა გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.