ჰოლანდიელმა მეცნიერებმა ავტომობილის საფარი შექმნეს, რომელიც არამარტო ავტომატურად აქრობს ნაკაწრებს, არამედ თავად იწმინდება. ამდენად, ავტომობილი ნებისმიერ ამინდში შეინარჩუნებს სისუფთავეს და მუდამ იდეალურად გამოიყურება.
ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქიმიური ინჟინერიის ფაკულტეტის სპეციალისტების განმარტებით, სასწაულმოქმედი საფარი ნანომეტრული მოლეკულებისგან და ღეროების მსგავსი დამატებითი ელემენტებისგან შედგება. დღემდე, ნანოტექნოლოგიური წყალგამძლე საღებავების მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ნებისმიერი დაზიანება მასალის უნიკალურ თვისებებს არღვევდა. ახალი ტექნოლოგია კი, მცირე ნაკაწრების აღდგენას უზრუნველყოფს, რისთვისაც გარე ფენა საფარის შემადგენლობაში შემავალი ელემენტებით იცვლება.
სპეციალისტების აზრით, ავტომობილების საფარის გარდა, ტექნოლოგია ასევე წარმატებით დაინერგება მობილური ტელეფონებისა თუ კონტაქტური ლინზების წარმოებაში. მეცნიერებმა უკვე დაიწყეს ავტომობილების საღებავებსა და საფარზე სპეციალიზებულ კომპანიებთან თანამშრომლობა.