უამინდობამ ხარაგაულში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო მდინარე ჩხერიმელამ დამცავი კედელი და საავტომობილო გზის ნაწილი ჩაანგრია, რომლის ერთი ნაწილი 2019 წლის სტიქიის შედეგად იყო დაზიანებული.
დაზიანებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზიც, რის გამოც, დაბის ნაწილს და ორ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამ დროისთვის ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
შექმნილ სიტუაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე მაჟორიტარ დეპუტატ კობა ლურსმანაშვილთან ერთად ადგილზე ეცნობა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.