სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი ონლაინ ჩაერთო.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთს მისი არსებობა აღიზიანებს და სწორედ ამიტომ ფარცხალაძეს დაავალეს საქმეების აღძვრა. გარდა ამისა, სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ხეებისა და ბაობაბების გადმოტანაში უფრო მეტი დაიხარჯა სახელმწიფო ფული, ვიდრე 9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებაში.
„მინდა გამოვიცნოთ, აბა, რა არის საერთო პრეზიდენტ იუშენკოს, პრეზიდენტ კაჩინსკის, ვაცლავ ჰაველსა და ორ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს შორის, რომელიც მე ჩამოვიყვანე და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად მოიხსენიეს პროკურორებმა. ყველანი ისინი ძალიან აღიზიანებენ ვლადიმერ პუტინს. ყველაფერი დაიწყო ვარდების რევოლუციის შემდეგ. რაც შეეხება ხარჯებს, ხეებისა და ბაობაბების გადმოტანაში უფრო მეტი დაიხარჯა სახელმწიფო ფული, ვიდრე 9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებაში. ეს ყველამ იცის და ყველამ იცის, რომ უბრალოდ დაცინვაა ის, რაზეც აქ არის საუბარი და ყველა ეს ხალხი, ვინც მე ჩამოვთვალე და ჩემი არსებობა, საშინლად აღიზიანებს რუსეთს. მათ კონკრეტულად გამოაგზავნეს ფარცხალაძე, რომელმაც აღძრა ეს საქმეები. ფარცხალაძემ კონკრეტული გვარები ამოარჩია, ყველა რუსეთის მტრები. თავის დროზე რუსები მთავაზობდნენ, რომ დამენიშნა ვალერი ხაბურძანია უშიშროების მინისტრად და მაშინ ხელს არ დამაკარებდნენ, მერე ამათ დანიშნეს ფარცხალაძე პროკურორად და მშვენივრად მონახეს საერთო ენა. ამიტომ ეს საქმე წარმოდგება სწორედ ამისგან“,_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.