ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში, ადგილობრივთა ინფორმაციით, სოფლის მთავარ გზაზე უკვე თვეებია, ხიდია დაზიანებული, რომლის შეკეთებაზეც ამ დრომდე არავის უზრუნია.
“უბრალოდ, ხიდი, გზას აღარავინ დარდობს… შეუძლებელია სიარული, რატომ უნდა გაიარო, მაგალითად, სამი კილომეტრი, როცა ერთი კილომეტრი გაშორებს, მაგრამ უბრალო ხიდიც არ არის, რომ გახვიდე. ფეხით გადასვლა ეშინია ხალხს, ვარდებაო! თითქმის, სამი თვეა ასეა და არავინ არაფერს აკეთებს… ხანდახან მიხედოთ უნდა. თქვენ ეს გზა წვიმაში უნდა ნახოთ.
ის ხალხი დამენახეთ, ლანჩხუთში ყველაფერი კეთდება და ვერ ხედავთო, რომ მეპასუხებოდნენ. რას ეძახიან გაკეთებას, ქალაქში სკვერი, სადაც სულ მთვრალი კაცები სხედან? თუ ქუჩაში დარგული ლამაზი ყვავილები? რა აქვთ წესრიგში და გაკეთებული?! ალბათ, მე ვერ ვხვდები, მაგრამ მთავარი რაცაა, ჩვენს მერს ლანჩხუთი მხოლოდ ქალაქი ჰგონია, სოფლები თუ აქვს, მგონი, არც იცის.
ამაზე ტენდერი უნდა გამოცხადდეს და მერე “ატკატები” ჯიბეში. ამ ქვეყანაში ამ მეთოდით არასდროს არაფერი არ გაკეთდება.
ეჰ, ვინ ზრუნავს, ჩემო კარგო, ხალხისთვის. მარტო სკამი და ჯიბე აინტერესებთ”, _ წერენ ზემოთ ნახსენები პრობლემის თაობაზე ფეისბუქზე, ჯგუფში “This is ლანჩხუთი”.
იმის გასარკვევად, რა ბედი ეწევა დაზიანებულ ხიდს, “გურია ნიუსი” ჯურუყვეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში, ელისო ჭიჭინაძეს დაუკავშირდა:
“ეს ხიდი დაზიანებული იყო, თუმცა, ბოლოდროინდელმა ძლიერმა წვიმებმა და წყალდიდობამ უფრო მეტად გამოიყვანა მწყობრიდან. სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენიმე ობიექტი გვაქვს გადაცემული, თუმცა, პირველ რიგში, ეს ხიდი. მქონდა კიდეც ამ დღეებში შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერთან. უნდა გაკეთდეს, რადგან გაწყვეტილია ქუჩა. ადგილზე იყვნენ უკვე წამოსულები მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. აზომეს, პროექტიც მზად იქნება უკვე და როგორც კი სტიქიის თანხები ჩამოვა, პირველ რიგში, ეს ხიდი გაკეთდება”, _ გვითხრა სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა
.
ავტორი