სახალხო დამცველი საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას რეპრესიულს უწოდებს. აღნიშნული განცხადება ნანუაშვილმა ელისო კილაძისა და ხატია დეკანოიძის შვილების დაკავების კონტექსტში გააკეთა.
“საეჭვოა, როდესაც დროის მოკლე პერიოდში პოლიტიკუტად აქტიური პირების შვილებს აკავებენ. ჩვენ ვცდილობთ, შევისწავლოთ ყველა დეტალი. ნარკოპოლიტიკა არის რეპრესიული ქვეყანაში, ჩვენ ამაზე არაერთი პრეტენზია გვქონდა.
დაწყებული გვაქვს კილაძისა და დეკანოიძის შვილების საქმეები, ორივე დაკავებული მოვინახულეთ. დაკავების პროცესში პოლიციელების მხრიდან არაეთიკური საქციელის შესახებ, შსს-ს სპეციალური წერილი გავუგზავნეთ და მოვითხოვეთ პოლიციელების წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოების დაწყება. ასევე, სხეულზე ასებულ დაზიანებებთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას,”– განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
გაზეთ “ქრონიკა +”-ის რედაქტორის შვილი 28 წლის დავით ხარშილაძე 13 მარტის ღამეს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკის დროს ამოიღეს 2 შეკვრა ფხვნილი და აბები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, ხატია დეკანოიძის ვაჟი თორნიკე კოპალეიშვილი კი 14 მარტს დააკავეს, საქმეზე ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-ტარებას ეხება.
წყარო:imedinews.ge