უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ფეხბურთის მასობრიობის ზრდაში შეტანილი წვლილისთვის ვერცხლის ჯილდო გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
„ვერცხლის ჯილდო უეფასგან – პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ფეხბურთის მასობრიობის ზრდაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და მასში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდის მიმართულებით განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უეფამ მის წევრ ქვეყნებს შორის საქართველო გამოარჩია და ვერცხლის ჯილდო გადასცა. მოყვარულთა ლიგა – სწორედ ამ პროექტმა მოიპოვა საუკეთესო მეორე ადგილი და კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მხრიდან“,_წერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტი „მოყვარულთა ლიგა“ საქართველოში 2016 წლიდან ტარდება და მისი მიზანი ფეხბურთში, რაც შეიძლება მეტი მოყვარულის ჩართვა და ჯანსაღი, აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
ამ დროისთვის „მოყვარულთა ლიგაში“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 გუნდი თამაშობს, რაც ნიშნავს, რომ რეგულარულად 11*11-ზე ფორმატის ფეხბურთს 8000-ზე მეტი მოყვარული მოთამაშე ჰყავს.


































































